სამყაროს გასაღებების ძიებაში — ფრიმან დაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
მეცნიერი, რომელიც წერდა ყველაფერზე, დაწყებული კვანტური მექანიკით, დამთავრებული კოსმოსური მოგზაურობებით — ფრიმან ჯ. დაისონის წვლილი მათემატიკასა და ფიზიკაში ფასდაუდებელია.
დაისონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი შვილები, მია და ჯორჯ დაისონი ავრცელებენ. მეცნიერი სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და პრინსტონის კვლევით ინსტიტუტში წაიქცა, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სამეცნიერო წრეში დაისონის პოპულარობა 1949 წლის ნაშრომმა განაპირობა. ის კვანტური ელექტროდინამიკის ფუძემდებელი იყო — თეორია, რომელმაც ფიზიკის სფეროზე და მეცნიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
თუმცა, დაისონი პოპულარული საჯარო ფიგურაც იყო. ის ხშირად წერდა კოსმოსურ მოგზაურობაზე, ბირთვული ძრავების მქონე ხომალდებზე და კაცობრიობის მომავალზე.
თავის წიგნში, "ეროსიდან გაიამდე" დაისონი წერს: "ჩემი სიცოცხლე 55 წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველი წიგნი გამოვაქვეყნე". ამ დროს ის პრინსტონის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი იყო.
აღსანიშნავია, რომ ფრიმან დაისონს დოქტორანტურა არ დაუმთავრებია, რაც მისი თანამდებობის ადამიანისთვის უჩვეულოა, მაგრამ დაისონისთვის "მეცნიერების დოქტორის" ტიტულის არქონა საამაყო იყო, კოლეგები კი მას მაინც დოქტორ დაისონს ეძახდნენ.
ფრიმანი თავის თავს მეცნიერ ერეტიკოსს ეძახდა. მისი აზრები და დებულებები ფართოდ მიღებულ სამეცნიერო კონსენსუსებს ხშირად უპირისპირდებოდა. დაისონს სჯეროდა, რომ საბოლოო ჯამში, "მათემატიკური აბსტრაქციები" სიმართლეს ხშირად არ ასახავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კვანტური ელექტროდინამიკის თეორიამ სუპერსიმების თეორიას დაუდო საფუძველი დაისონი ამ უკანასკნელის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. ამასთანავე, დაისონს არ სჯეროდა, რომ ფიზიკის "ერთიანი თეორიის" ჩამოყალიბება შესაძლებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაისონი ანთროპოგენულ კლიმატის ცვლილებასაც დაუპრისპირდა. მისი თქმით, კლიმატური მოდელები, რომლებიც დედამიწის კლიმატზე ადამიანის გავლენას აღწერდნენ, ხშირად უსაფუძვლო და არასრული იყო.
დაისონის მტკიცებით, კლიმატის მეცნიერება უფრო მეტად "პრიმიტიულ ჯგუფურ აზროვნებას" ეფუძნებოდა. კლიმატური მოდელების აშკარა ეფექტიანობის და სწორი წინასწარმეტყველებების გამო, დაისონის კრიტიკა ბევრისთვის არაარგუმენტირებული იყო.
დაისონის კოლეგის, სტივენ ვაინბერგის თქმით, დაისონი კონსენსუსთან დაპირისპირებას ხშირად ცდილობდა:
"ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ როგორც კი ტბის ზედაპირზე ყინული გამყარებას იწყებს, დაისონი მის ჩატეხვას ცდილობს".
დაისონს მათემატიკური მოდელებისადმი უნდობლობა მანამდეც გამოუთქვამს. მაგალითისთვის, მეცნიერს მიაჩნდა, რომ მასობრივი ატომური აფეთქებები "ბირთვულ ზამთარს" არ გამოიწვევდა. ამის მიუხედავად დაისონი იმედოვნებდა, რომ "ბირთვული ზამთრის" თეორია ჭეშმარიტი აღმოჩნდებოდა, რადგან მისი თქმით, ეს ბირთვული იარაღების გამოყენების "ფსიქოლოგიური შემაკავებელი" იქნებოდა.
მათემატიკური მოდელებისადმი უნდობლობის მიუხედავად, დაისონს სჯეროდა, რომ სამეცნიერო ინოვაციით რიგი პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყო. ის ამტკიცებდა, რომ, მაგალითად, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის შემთხვევაში გენმოდიფიცირებული ხეების გამოყენებით ჭარბი სათბურის აირების მოცილება შესაძლებელი იქნებოდა.
დაისონი ოპტიმისტი და რელიგიური ადამიანი იყო, თუმცა არასტანდარტული გაგებით.
"მეცნიერება გასაოცარია იმიტომ, რომ გადაუჭრელი საიდუმლობებითაა სავსე. იგივე შეიძლება ითქვას რელიგიაზეც"— თქვა დაისონმა — "სამყაროს პატარა კუთხეში ცნობიერიების არსებობა ერთ-ერთი ასეთი ამოუხსნელი საიდუმლოა".
კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს დაისონი ბრიტანეთის სამეფო საავიაციო ძალას შეუერთდა. საავიაციო სამსახურში დაისონი კონტროლირებადი დაბომბვების ეფექტიანობის გაზრდაზე მუშაობდა.
მოგვიანებით დაისონმა თავისი საქმიანობა ნაცისტი ბიუროკრატების სამსახურს შეადარა. დაისონის თქმით ის "მკვლელობის ყველაზე ეკონომიურ" მეთოდებზე მუშაობდა.
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, დაისონმა სწავლა კორნელის უნივერსიტეტში გააგრძელა. მის მაგისტრატურის პროგრამას ჰანს ბეთე, მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი ფუძემდებელი ხელმძღვანელობდა.
სწორედ ამ პერიოდში დაისონმა თეორიული ფიზიკის მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა. დაისონის მაგისტრატურის დროს კორნელის ახალგაზრდა პროფესორმა რიჩარდ ფეინმანმა ელექტრონების და ფოტონების ქცევის აღწერის ახალი მეთოდი შეიმუშავა.
იგივე საკითხზე ფიზიკოსებმა ჯულიან შვინგერმა და სინ-იტირო ტომანაგამ ალტერნატიული მეთოდებიც შექმნეს, თუმცა ბუნდოვანი იყო, ამათგან რომელი იყო სწორი.
დაისონმა გააცნობიერა, რომ სამივე მოდელი მათემატიკურად ექვივალენტური იყო. ანუ, მეცნიერები ერთსა და იმავე რამეს თანაბარი წარმატებით, სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ. ამ გაცნობიერების შედეგად შეიქმნა კვანტური ელექტროდინამიკის თეორია, რომელსაც ფაინმანმა "ფიზიკის საგანძური" უწოდა.
დაისონის კვლევა 1949 წელს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ის კორნელის პროფესორი გახდა (მიუხედავად იმისა, რომ დოქტორის ხარისხი არ ჰქონდა). 1953 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაისონმა გააცნობიერა, რომ სწავლება მისი საქმე არ იყო, მან მუშაობა პრინსტონში, კვლევით ინსტიტუტში დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ფაინმანმა, შვინგერმა და ტომანოგამ 1965 წელს ნობელის პრემიები მიიღეს, ბევრი მიიჩნევდა, რომ პრიზს დაისონიც იმსახურებდა, თუმცა დაისონს ეს დიად არ ადარდებდა:
"მგონია, რომ ნობელის პრემიის მოსაპოვებლად ერთ საკითხზე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მუშაობაა საჭირო. ეს ჩემი სტილი არაა" — განაცხადა მან ინტერვიუში.
დაისონს ბევრ სხვადასხვა პრობლემასთან შეჭიდება უყვარდა. იქნებოდა ეს თეორიული თუ პრაქტიკული. 1950-იან წლებში ის სან დიეგოს General Atomics-ის კონსულტანტი იყო და მკვლევრებს TRIGA-ს ტიპის ბირთვული რეაქტორის შექმნაში დაეხმარა, რომელიც ბირთვული მედიცინის კვლევისთვის და ორიონის პროექტისთვის გამოიყენებოდა. ამ უკანასკნელი მიზანი კოსმოსური ხომალდის შემუშავება იყო, რომელიც გეგმიურ ბირთვულ აფეთქებებს აჩქარებისთვის გამოიყენებდა.
1963 წელს ბირთვული ცდების შეზღუდვის შეთანხმების გაფორმების შედეგად ზემოხსენებული პროექტებიც შეიზღუდა. თუმცა დაისონი ამ ხელშეკრულებას საჭიროდ მიიჩნევდა და მას მხარს უჭერდა. დაისონი, აშშ-ის მთავრობას ბირთვულ განიარაღებაშიც დაეხმარა.
მეცნიერის ინტერესები მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე მოვლენებით არ შემოიფარგლებოდა. 1960 წელს მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ კოსმოსური ცივილიზაციები განვითარების გარკვეულ ეტაპზე საკუთარი ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული ენერგიის სრულად გამოყენებას დაიწყებდნენ.
დაისონის თქმით, ჰიპოთეტური კოსმოსური ცივილიზაცია, ენერგო-რესურსების ძიებაში ვარსკვლავის გარშემო სპეციალურ კონსტრუქციას ააგებდა, რომელიც მზის ენერგიას სრულად აითვისებდა. ამ ჰიპოთეტურ სტრუქტურას ხშირად დაისონის სფეროს ეძახიან.
დაისონი ასევე მიიჩნევდა, რომ კოსმოსის ეფექტიანი კოლონიზაციისთვის კომეტების ტერაფორმირება იყო საჭირო. მისი თქმით, კომეტებზე გენეტიკურად მოდიფიცირებული ხეების გაზრდა შეიძლებოდა, რომლებსაც იქ ჟანგბადი უნდა გამოემუშავებინათ.
დაისონი აკადემიურ მუშაობასაც აგრძელდებდა. მან და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მატერიის არსებობა და სტაბილურობა იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ ორი ფერმიონი ერთდროულად ერთიდაიგივე კვანტურ მდგომარეობაში ვერ ჩერდება. ამ მიგნებისთვის 1965 წელს დაისონმა დენი ჰაინმანის პრიზი მიიღო.
70-იანებიდან მოყოლებული, დაისონი პოპულარულ სამეცნიერო წიგნებს აქტიურად აქვეყნებდა. კოსმოსის და მეცნიერების მოყვარულთათვის მისი წიგნები, Disturbing the Universe და The Sun, the Genome and the Internet კარგადაა ცნობილი.
დაისონი თამაშთა თეორიითაც იყო დაინტერესებული. 2012 წელს 88 წლის ასაკში კოლეგა უილიამ ჰ. პრესთან ერთად მან "პატიმრის დილემის" შესახებ კვლევა გამოქვეყნა. "პატიმრის დილემა" მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც მეცნიერები ადამიანების ქცევას და ევოლუციას სწავლობენ.
2018 წელს დაისონი მუშაობდა გენური ინჟინერიის ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, CRISPR-ზე. ამავე წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით Maker of Patterns, რომელიც ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული იყო.
ცხოვრების მანძილზე დაისონს სჯეროდა, რომ სამყაროს "მაქსიმალური მრავალფეროვნების პრინციპი" მართავს, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი ყოველთვის "მაქსიმალურად საინტერესო" იქნება. საკამათოა, რამდენად შეიძლება ვუწოდოთ ამას ფიზიკის კანონი, თუმცა ფრიმან დაისონის უჩვეულო და საოცარ ცხოვრებას ეს წესი ნამდვილად ზუსტად ახასიათებს.
კომენტარები