ცენზურის პირობებში ჩინელები კორონავირუსზე ინფორმაციის გასავრცელებლად GitHub-ს იყენებენ
მედდები, რომლებსაც სახეზე პირბადეების მრავალსაათიანი ტარებისაგან ნაიარევი დარჩათ, ქალები, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად თავი გადაიპარსეს, პენსიაზე გასული ექიმები, რომლებმაც საკუთარი დანაზოგი სამთავრობო დაწესებულებებში უანგაროდ დატოვეს - თუ ამ სათაურებისთვის თვალი მოგიკრავთ, იცოდეთ, რომ ეს ისტორიები ჩინური პროპაგანდის ნაწილია.
კორონავირუსი ჩინეთისათვის მხოლოდ სამედიცინო გამოწვევა არაა. დიდი ხანია, ჩინეთის მთავრობა ასეთ კრიზისში არ ყოფილა. სახელისუფლებო მედია შეუჩერებლად ავრცელებს ერთიანობისა და თავგანწირვის ამსახველ სურათებსა და ისტორიებს, თუმცა ამჯერად ხალხი ბევრად სკეპტიკურადაა განწყობილი.
ხალხი ონლაინ სივრცეში ღიად აკრიტიკებს სამთავრობო მედიას. მოქალაქეების თქმით, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის საგმირო ისტორიები ვერაფრით გადაწონის იმ ფაქტს, რომ ექიმებს პირბადეებიც არ აქვთ. ერთ კრიტიკულ ბლოგპოსტში ღიად ეწერა, რომ "მედიამ უნდა შეწყვიტოს გასვენების ისე გაშუქება, თითქოს ქორწილი იყოს".
ჩინური პროპაგანდის მანქანა უკვე ათწლეულებია, კომუნისტურ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, თუმცა ახლა, როცა საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რამდენად შეუწყო ვირუსის გავრცელებას ხელი მისი მიჩქმალვის მცდელობებმა, ხალხის გაჩუმება ბევრად გართულდა.
ჩინელი მოქალაქეები, რომელთაც სურთ, რომ თანამოქალაქეებსა თუ სხვა ქვეყნებს ხმა მიაწვდინონ, სერიოზულ რისკზე მიდიან. ისინი ცდილობენ, ყველა ის პოსტი გადაარჩინონ, რომელიც ცენზურის გამო იშლება. ექსპერტების თქმით, ციფრულ წინააღმდეგობას ასეთი მასშტაბისათვის მანამდე არასდროს მიუღწევია. ჩინეთში Youtube, Facebook და Twitter დაბლოკილია, თუმცა ცენზურისთვის გვერდის ავლა მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ახალგაზრდები GitHub-ს, პროგრამისტებისათვის განკუთვნილ პლატფორმას, დაცენზურებული პოსტების არქივის შესაქმნელად იყენებენ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსონალური ისტორიები არ დაიკარგოს.
ვირუსისგან გარდაცვლილი ექიმი ლი ვენლიანგი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსზე განგაში ატეხა, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მისი სიკვდილისთანავე Weibo-ზე, ჩინურ სოციალურ პლატფორმაზე უამრავი გვერდი შეიქმნა სახელით "მე მინდა სიტყვის თავისუფლება". ეს გვერდები მალევე დაიბლოკა.
რა ტიპის კონტენტს ებრძვის ოფიციალური ჩინეთი?
კორონავირუსმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, რა საფრთხეებს შეიცავს ავტორიტარული რეჟიმი.
მიუხედავად პროპაგანდისტული მანქანის დაუზარებელი მუშაობისა, ფოტოები, სადაც ჩანს როგორ ტირის ახალგაზრდა ქალი, როცა დედამისის ცხედარს მანქანაში ათავსებენ, უამრავმა ადამიანმა ნახა. მათ ნახეს ასევე ქალი, რომელიც საკუთარი აივნიდან ხელნაკეთი გონგით სასოწარკვეთილი ითხოვს, საავადმყოფოში დააწვინონ. მათ ნახეს მედდა, რომელსაც ფსიქიკა ღალატობს. ექიმი ლი ვენლიანგის სურათთან ბრძოლა შეუძლებელია. ყოველი წაშლილი პოსტის ნაცვლად ასობით ახალი ჩნდება.
პეკინი ყველაფერს აკეთებს, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა შეზღუდოს. ისტორიები მედდებისა და ექიმების სიმამაცის შესახებ გაზვიადებული არაა, თუმცა ისტორიები, სადაც ისინი დამცავ აღჭურვილობას ითხოვენ, რამდენიმე წამში ქრება. კორონავირუსით უკვე 3 000-მდე ექიმი დაავადდა.
"რა თქმა უნდა, მათი თავგანწირვა უნდა დავაფასოთ", - წერს Weibo-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი, - "მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ყველას ჩავუბეჭდოთ, რა კარგია მსხვერპლის გაღება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს".
ასე რომ, ჩინეთში ამჟამად ორი ბრძოლა მიმდინარეობს პარალელურად: ბრძოლა კორონავირუსთან - გადარჩენისათვის და ბრძოლა ხალხსა და ცენზორებს შორის - სიტყვის თავისუფლებისათვის.
კომენტარები