ევროკომისია უსაფრთხო მიმოწერისთვის თანამშრომლებს Signal-ის გამოყენებას ურჩევს
ევროკომისიამ თანამშრომლებს საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე გადასვლისკენ მოუწოდა. მიზეზი ამ აპლიკაციის უსაფრთხოებაა და მალე ევროკომისიაში მიმოწერისთვის მეტწილად სწორედ ამ აპლიკაციას გამოიყენებენ.
თუმცა Politico-ს სტატიის მიხედვით, ევროკომისია კომუნიკაციისთვის ექსკლუზიურად Signal-ს არ გამოიყენებს. სენსიტიური, მაგრამ არაგასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაგზავნად დაშიფრულ ელფოსტას გამოიყენებენ, ხოლო გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიმოცვლისთვის — კიდევ უფრო მაღალი დონის მეთოდებს. Signal კი თანამშრომლებს შორის და გარეშე ადამიანებთან საუბრისთვის იქნება განკუთვნილი.
ევროკავშირისთვის უსაფრთხო მიმოწერა პრიორიტეტული მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის ივნისში მოსკოვში ევროკავშირის საელჩო დაჰაკეს, შედეგად კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიკარგა.
ევროკომისია ერთადერთი სამთავრობო ინსტიტუტი არ არის, რომელიც Signal-ის გამოყენებას დაიწყებს. წინა წლის დეკემბერში ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ თავიანთ წარმომადგენლებს WhatsApp-იდან Signal-ზე გადასვლა მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-იც დაშიფრულ მესიჯებს იყენებს, ის ინფორმაციას "ინახავს". ანუ, ამ აპლიკაციაში ჩანს მიმოწერების ისტორია, რის გამოც კონსერვატიული პარტია მცირე სკანდალში გაეხვა, როცა კონსერვატორი პარლამენტარების მიმოწერები გამოაშკარავდა.
კონსერვატიული პარტიის სპიკერმა განაცხადა, რომ "მიმოწერების შენახვა" პრობლემა არ ყოფილა. მათი თქმით, პარტიამ უბრალოდ ამოწურა WhatsApp-ის ჯგუფურ ჩატში დაშვებული მომხმარებლების რაოდენობა. ანუ კონსერვატორებმა ბოლო დროს ახალი პარლამენტარები შეიძინა, რაც უფრო დიდ ჯგუფურ ჩატს მოითხოვს.
Signal მიმოწერის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ორმხრივ დაშიფვრას (ინგ. End-to-End Encryption) იყენებს. WhatsApp-ისგან განსხვავებით კი მეტამონაცემებს არ ინახავს და შეტყობინებებს გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურად შლის.
კომენტარები