იაპონიის ახალი მისია მარსის თანამგზავრებს, ფობოსსა და დეიმოსს შეისწავლის
იაპონია მარსის თანამგზავრ ფობოსზე ხომალდის გაშვებას გეგმავს. მისიის წარმატების შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ხომალდი მარსის თანამგზავრის ზედაპირს შეეხება.
იაპონიის კოსმოსურმა სააგენტო JAXA-მ განაცხადა, რომ პროექტი (MMX) განვითარების ფაზაში ოფიციალურად შევიდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდი ხომალდის მშენებლობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობას დაიწყებს.
MMX-ის ფარგლებში ხომალდის გაშვება 2024 წლისთვის იგეგმება და იგი ფობოსს 2025 წელს მიაღწევს. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი ის მარსის ორივე თანამგზავრს — ფობოსსა და დეიმოსს შეისწავლის და მათი ზედაპირების დეტალურ რუკებს შემოგვთავაზებს.
ფობოსზე დაშვების შემდეგ მთვარის ზედაპირის გათხრა და ნიმუშების შეგროვება იგეგმება. ხომალდი 11 ინსტრუმენტით იქნება აღჭურვილი, NASA აღნიშნული მისიის გუნდს ორ ინსტრუმენტს გადასცემს, საიდანაც ერთ-ერთი მთვარის ზედაპირზე არსებულ ელემენტებს შეისწავლის. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ხომალდი დედამიწაზე ნიმუშებითა და ფოტოებით 2029 წლისთვის დაბრუნდება.
ფობოსი პლანეტარული მეცნიერებისათვის საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. მათ ჯერ კიდევ არ იციან ფობოსი და დეიმოსი მარსის გრავიტაციით დატყვევებული ასტეროიდები არიან თუ მას შემდეგ ფორმირდნენ, რაც პლანეტას რაღაც მასიური შეეჯახა. ახალი მისია ამ კითხვაზე პასუხის გაცემაშიც დაგვეხმარება.
ფობოსის მისია, შესაძლოა, ადამიანებს მარსამდე მიღწევაშიც დაეხმაროს. NASA-ს მეცნიერმა ჯიმ გრინმა განაცხადა, რომ "მარსის გარშემო მათი ბრუნვის პოზიციის გამო ადამიანებისთვის მათზე ვიზიტი, შესაძლოა, პრიორიტეტული გახდეს. თუმცა, ამის შესახებ დაზუსტებით მხოლოდ MMX მისიის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ".
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ MMX თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ბევრად წარმატებული იქნება. 1988 წელს საბჭოთა მისიის ფარგლებში ფობოსზე ხომალდისა და როვერის გაგზავნა იგეგმებოდა, თუმცა სისტემური გაუმართაობის გამო მისია ჩაიშალა. ფობოსზე დაშვების უკანასკნელი მცდელობა ასევე წარუმატებლად დასრულდა — 2011 წელს რუსული ხომალდი გაეშვა, თუმცა ის დედამიწის ორბიტას ვერ გასცდა და 2012 წელს წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა.
კომენტარები