აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე ტელევიზიის გადაცემა მთავარში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდსა და კონკრეტულ ადამიანებს. ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ ტელევიზია მისმა მოადგილემ და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აქ იყო სახელისუფლებო ჩარევა, კერძოდ პოლიტიკური ძალა ცდილობს და ცდილობდა აჭარის მაუწყებლის მიმართ გამოვლენილი ძალიან დიდი ინტერესი გადაფარა იმით, რომ თითქოს მას ჰქონდა შენიშვნები. აქ საუბარია არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. მე დღეს აქ ვარ და ჩავთვალე, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი, იმის გამო, რომ მხარი დავუჭირო აჭარის მაუწყებლის გუნდს, მხარი დავუჭირო კონკრეტულ ადამიანებს", — თქვა ნათია კაპანაძემ.

მისი თქმით, იცის, რომ შორენა ღლონტს, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძეს აგრესიულად ესაუბრებიან. კაპანაძემ აღნიშნა, რომ დანარჩენი ადამიანებისთვის აგრესია ალბათ პროცესის ნაწილი იქნება.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად დღეს, 17 თებერვალს აქცია გაიმართა თბილისში. აქციის მონაწილეებმა აჭარის მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს. 16 თებერვალს აქცია გაიმართა ქუთაისში და ბათუმშიც.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.