ნუ ცდილობთ, აღზარდოთ წარმატებული ბავშვები — აღზარდეთ ისინი კეთილ ადამიანებად
ყველამ, ვისაც ბავშვთან უთვალთმაქცია, იცის, თუ როგორ ამჩნევენ ისინი, როცა უფროსების ლაპარაკსა და ქმედებებს შორის აცდენაა. ამერიკელ მშობლებს რომ ჰკითხოთ, რა სურთ მათ შვილებისგან, 90 პროცენტზე მეტი პასუხთა შორის იმასაც დაასახელებს, რომ უნდათ, ბავშვები მზრუნველები იყვნენ. სიკეთე და მზრუნველობა მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებებია თითქმის ყველა საზოგადოებასა და რელიგიაში. მაგრამ როცა ბავშვებს ვეკითხებით, რა სურთ მათგან უფროსებს, მათი 81 პროცენტი ამბობს, რომ მშობლები მათში მზრუნველობაზე მეტად მიღწეულ წარმატებას აფასებენ.
ბავშვები იმას, თუ რა არის უფროსებისთვის მნიშვნელოვანი, არა ჩვენს სიტყვებზე დაყრდნობით სწავლობენ, არამედ იმაზე დაკვირვებით, თუ რა იპყრობს ჩვენს ყურადღებას. დღესდღეობით მშობლები ყველაზე დიდ ყურადღებას შვილის პირად მიღწევებსა და ბედნიერებას აქცევენ. როგორ დაუღალავადაც უნდა ვაქოთ სიკეთე და მზრუნველობა, სინამდვილეში, ჩვენს შვილებს საკმარისად არ ვაჩვენებთ, რომ ამ თვისებებს ნამდვილად ვაფასებთ.
თუ ეს სიმართლეა, არ უნდა გვაკვირვებდეს ის ფაქტიც, რომ სიკეთე დროთა განმავლობაში სულ უფრო იშვიათად ვლინდება. ამერიკაში ყოველწლიურად ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 1979 წლიდან 2009 წლამდე სტუდენტებში ემპათია და სამყაროსთვის სხვისი პერსპექტივიდან შეხედვის მცდელობები თვალშისაცემად იკლებდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოზარდებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ადარდებდათ, თუ მათ გარშემო ადამიანებს უსამართლოდ ექცეოდნენ.
ამ ტენდენციის გამომწვევი მიზეზი მარტო ისა არაა, რომ ხალხს სხვების ბედი ნაკლებად აღელვებს; როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს დახმარების ხელსაც უფრო იშვიათად უწვდიან. 2001-სა და შემდეგ უკვე 2011 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტში სოციოლოგმა ათასობით ვითომ დაკარგული წერილი მიმოფანტა ამერიკის ქალაქებში. პირველი ცდისას იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ნაპოვნ წერილებს საფოსტო ყუთში ათავსებდნენ, 10 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მეორეში (იგივე ექსპერიმენტი ჩატარდა კანადაშიც, სადაც ორივე წელს ერთი და იგივე შედეგი მიიღეს). ფსიქოლოგების აზრით, 1995 წლის შემდეგ დაბადებულებსა და მათ წინამორბედებს ბავშვობაში ერთნაირად ჰქონდათ გათავისებული, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანებს უნდა დაეხმარონ. მაგრამ პირველი მათგანნი ნაკლებად გრძნობენ, რომ სხვების გვერდში ამოდგომა კონკრეტულად მათი პირადი პასუხისმგებლობაა. მაგალითად, ისინი ნაკლებად არიან ჩართული ქველმოქმედებაში.
თუ ჩვენ მართლა ნაკლებად ვზრუნავთ ერთმანეთზე, ეს გარკვეულწილად მშობლების მიერ წინ წამოწეული ღირებულებების ბრალიცაა. ისინი ხშირად ორიენტირებულნი არიან მხოლოდ მიღწევებზე და ვერ აღვივებენ ბავშვში სიკეთეს. როგორც ჩანს, შვილის წარმატება უფროსების მიერ პირად დამსახურებად აღიქმება, წარუმატებლობა კი იმის დასტურად, რომ მშობლობას თავი ვერ გაართვეს.
სამყაროში, სადაც კონკურენცია დღითიდღე იზრდება, ზოგისთვის სიკეთე სისუსტის ნიშანია. მშობლების გარკვეული ნაწილი არასწორად მიიჩნევს ჩარევას მაშინ, როცა სკოლამდელი ბავშვები თამაშის დროს ეგოიზმს ავლენენ. მათ ურჩევნიათ, აღზარდონ გამტანი ადამიანები, რომლებიც ყოყმანისა და სინანულის გარეშე ეტყვიან უარს სხვებს მაშინ, როცა საქმე მათ კეთილდღეობას ეხება. თუმცა სრულიად შესაძლებელია, შვილებს ვასწავლოთ, იყვნენ კეთილშობილები და ამავდროულად იცოდნენ საკუთარი თავის ფასი. თუ მათ სხვებისადმი პატივისცემისა და ემპათიის ღირებულებას ვასწავლით, მომავალში ისინი თავად განსაზღვრავენ, როდის უნდა იყვნენ უფრო გამტანნი და როდის გაუწოდონ სხვებს დახმარების ხელი. ისინი სულ მალე დამოუკიდებლად აღმოაჩენენ კანონზომიერებას, რომლის თანახმადაც, სხვები გექცევიან ისე, როგორც შენ ექცევი მათ.
მშობლების სურვილი, ბავშვებში სიმტკიცე გამოწრთონ, ნაწილობრივ გოგოებისა და ბიჭებისადმი თანაბრად მოპყრობის სანაქებო სურვილის გაუცნობიერებელი შედეგია ხოლმე. ტრადიციულად ოჯახებსა და სკოლებში გოგოებს ზრდიდნენ კეთილშობილ და მზრუნველ ადამიანებად, ბიჭებს კი ასწავლიდნენ, ყოფილიყვნენ ძლიერნი და ამბიციურები. დღეს მშობლები და მასწავლებლები ამ დრომოჭმული მიდგომის შეცვლას ცდილობენ. შედეგად, გოგოებს თვითდაჯერებულობასა და ლიდერობას ასწავლიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიჭების აღზრდაში ცვლილებები არ შეინიშნება. სწორედ ამიტომ სიკეთისა და მზრუნველობის ღირებულებას ზოგადად ნაკლები ყურადღება ექცევა.
ბავშვები ძალზე დაკვირვებულები და მგრძნობიარენი არიან. ისინი ხედავენ, რომ დიდსულოვნებაზე მეტად თანატოლებს კარგი ქულების მიღებისთვის და პრაქტიკული მიზნების მიღწევისთვის აქებენ. მათ ყურადღების მიღმა არც ის რჩებათ, თუ როგორ აღნიშნავენ უფროსები საკუთარ წარმატებას ისე, რომ თავიანთ პიროვნულ მხარეზე ყურადღებას არ ამახვილებენ. როცა ამგვარ მემკვიდრეობას უტოვებენ მშობლები შვილებს, ისინი მათ არ გადასცემენ მთავარს — სიკეთის ქმნის უნარს. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა?
როცა ბავშვები სკოლაში იწყებენ სიარულს, დღის ბოლოს ჩვენი მათდამი დასმული კითხვების უმეტესი ნაწილი მათ მიღწევებს ეხება: "რა ქნა თქვენმა გუნდმა, მოიგო?"; "როგორ ჩაიარა ტესტირებამ?"
მზრუნველობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში უფროსებმა განსხვავებული კითხვების დასმა დაიწყეს. ოჯახურ სადილზე ისინი ბავშვებს ეკითხებოდნენ, თუ რა გააკეთეს მათ სხვების დასახმარებლად. თავიდან თითქმის ყოველთვის პასუხი იყო "არ მახსოვს". თუმცა რაღაც დროის განმავლობაში მათ მეტად გააზრებული პასუხების გაცემა დაიწყეს: "მეგობარს, რომელსაც წასახემსებლად საკვები არ ჰქონდა, ჩემი ვუწილადე", "კლასელს დავეხმარე ქვიზში დაშვებული შეცდომის გაანალიზებაში". ბავშვებმა დაიწყეს ნებისმიერი ხელსაყრელი მომენტის ძიება, რომ სხვებისთვის საჭირონი ყოფილიყვნენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, შვილებს გავუზიაროთ ის მაგალითები ჩვენი ცხოვრებიდან, როცა სხვებს შევეშველეთ; ვუთხრათ, როგორ ვნანობთ, ოდესღაც დაჩაგრულს რომ არ დავეხმარეთ; ავუხსნათ, რომ ამგვარი საქციელი ჭირში გუნდის წევრების მიტოვების მსგავსია. ამ ტიპის პარალელები მათ დაეხმარებათ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა სხვების წინაშე.
თუმცა ამგვარი მიდგომა არ უნდა გადაიზარდოს იმის პირდაპირ მოთხოვნაში, რომ ბავშვმა სიკეთის ქმნა დაიწყოს. აქ მნიშვნელოვანია მას გავაგებინოთ, რომ კეთილშობილებასა და მზრუნველობას ვამჩნევთ და ვაფასებთ. ბავშვებს შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე მოსწონთ დახმარება — ყველაზე პატარა ასაკშიც კი ისინი ამჩნევენ სხვების საჭიროებებს. წელიწად-ნახევრის ბავშვი, როგორც წესი, უკვე ცდილობს, მაგიდის გაწყობაში უფროსებს დაეხმაროს, მოგავოს იატაკი ან დაალაგოს სათამაშოები. ორწელნახევრისებს კი უკვე შეუძლიათ, საკუთარი საბანი დათმონ, თუ დაინახავენ, რომ სხვას სცივა.
ბავშვების დიდი ნაწილი სიკეთეს აღიქვამს როგორც დავალებულ საქმეს და არა — არჩევანს. ამის შეცვლა შესაძლებელია. ექსპერიმენტების თანახმად, თუ იმის ბრძანების ნაცვლად, რომ სხვებს დაეხმაროს, ბავშვებს არჩევანის თავისუფლებას მივცემთ, ისინი უმრავლეს შემთხვევაში მეტად გულუხვები ხდებიან. ხოლო როცა მათ ვაქებთ დახმარებისათვის, მეტი ალბათობით ისინი კიდევ შეეცდებიან იმავე ტიპის ქმედების გამეორებას.
ჩვენ ასევე შეგვიძლია შვილებს ვურჩიოთ, რომ მეგობრები ყურადღებით შეარჩიონ. ფსიქოლოგები პოპულარობისკენ მიმავალ ორ გზას განასხვავებენ: პირველი სტატუსის მოპოვებაა, რაც მბრძანებლობასა და ყურადღების ცენტრში ყოფნას მოიაზრებს; მეორე კი კეთილგანწყობის მოპოვებაა და მეგობრულობასა და სიკეთით გამორჩეულობასთან ასოცირდება. მოზარდები ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, დაუახლოვდნენ მაღალი სტატუსის მქონე თანატოლებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ გამოირჩევიან კეთილშობილური თვისებებით. მაგალითად, გუნდის ყველაზე სწრაფი მორბენალი ან რაიმე კონკურსის გამარჯვებული უფრო პოპულარულია თანატოლებში, ვიდრე კეთილი და თანაგრძნობის მქონე ბავშვი. ამ ვითარების შეცვლა შვილებში ღირებულებათა სისტემის გადაფასებითაა შესაძლებელი. ჩვენ უნდა ვურჩიოთ მათ, იმეგობრონ არა იმ პოპულარულ ბავშვებთან, რომლებიც დასცინიან თანატოლს, ვისაც კაფეტერიაში შესვლისას ფეხი დაუცდა, არამედ მასთან, ვინც იმ ბავშვს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.
როგორც ვხედავთ, ინდივიდუალური მიღწევების პრიორიტეტად გახდომამ შესაძლებელია, ბავშვებში მზრუნველობის ნაკლებობა გამოიწვიოს. მაგრამ სინამდვილეში აუცილებელი არაა, ორიდან ერთი ავირჩიოთ. სხვებზე ზრუნვის სწავლება ბავშვს მომავალში წარმატებული, კმაყოფილების მომტანი ცხოვრების ქონაში ეხმარება.
ბევრი ფაქტი ამტკიცებს, რომ ბავშვები, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, ცხოვრებაში უფრო მეტს აღწევენ. ბიჭები, რომლებსაც საბავშვო ბაღში მასწავლებლები გულისხმიერებად მოიხსენიებდნენ, 30 წლის შემდეგ სხვებზე მეტს გამოიმუშავებენ. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავის ცოდნას სხვებს უზიარებენ, უკეთეს ქულებს იღებენ ტესტირებებში. მეტიც, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრება მერვე კლასელებს შორის ჰქონდათ არა იმათ, ვინც ხუთი წლის წინ კარგ ქულებს იღებდნენ, არამედ იმათ, ვინც იმ ასაკში სხვებს ეხმარებოდნენ. ამასთან, ბავშვები, რომელთაც სჯერათ, რომ მშობლები მათში კეთილშობილურ თვისებებს აფასებენ, ნაკლებად არღვევენ წესებს, სწავლობენ საუკეთესო უნივერსიტეტებში და კარიერაშიც წარმატებას აღწევენ.
ამ ყველაფრის მიზეზი კი შემდეგია: სხვებზე მზრუნველობა ხელს უწყობს ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული კავშირების შენარჩუნებას და თავიდან გვარიდებს დეპრესიას. სტუდენტები, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, სწავლას სხვა კუთხით უდგებიან — ისინი ფიქრობენ, რომ მათი განათლება საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ისინი დაჟინებით სწავლობენ მაშინაც კი, როცა ეს პროცესი არც თუ ისე სახალისოა. ხელგაშლილ ადამიანებს დამსაქმებლებიც უფრო აფასებენ. შესაბამისად, მათი შემოსავალიც უფრო მაღალია. სხვების დახმარება აფართოებს თვალსაწიერს, ურთიერთობებს აღრმავებს და უფრო შემოქმედებითსა და პროდუქტიულს გვხდის.
მაგრამ სიკეთის ქმნა არა მხოლოდ ნათელ მომავალს უქადის ბავშვებს, არამედ მათ ამ ქმედების ჩადენის მომენტშიც აბედნიერებს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში პატარებს დაურიგეს კრეკერები და შესთავაზეს, ეწილადათ ის მარიონეტისთვის, რომელიც "ჭამის" შემდეგ ამბობდა სიტყვას "გემრიელია". მკვლევრებმა შეაფასეს ბავშვების სახის გამომეტყველება და აღმოაჩინეს, რომ ისინი უფრო ბედნიერები მაშინ იყვნენ, როცა კრეკერებს მარიონეტს უწილადებდნენ, ვიდრე მაშინ, როცა უფროსები მათ აძლევდნენ სასუსნავს.
ევოლუციური ბიოლოგიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ადამიანს სხვების დახმარების სურვილი გენეტიკურად აქვს განვითარებული. ტომები, რომლის წევრებიც "ყოველთვის მზად იყვნენ, ერთმანეთს დახმარებოდნენ", — წერდა დარვინი, — "იმარჯვებდნენ სხვა ტიპის ტომების უმრავლესობაზე; სწორედ ეს იყო ბუნებრივი გადარჩევა".
რა თქმა უნდა, საჭიროა, ვიამაყოთ ჩვენი შვილების წარმატებით და დავეხმაროთ მათ, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მაგრამ სიკეთე როდი გულისხმობს ამ ყველაფერზე უარის თქმას. ჩვენ მიერ მათი აღზრდის ხარისხს ზომავს არა მათი წარმატება, არამედ ის, თუ როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და როგორ ექცევიან სხვებს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სიკეთის სწავლებით არა მარტო ჩვენს შვილებს ვეხმარებით წარმატების მიღწევაში, არამედ — მათ გარშემო მყოფ სხვა ბავშვებსაც.
კომენტარები