კორონავირუსი, შესაძლოა, ადამიანზე პანგოლინების მეშვეობით გავრცელებულიყო
კორონავირუსი ღამურიდან ადამიანზე, შესაძლოა, პანგოლინების არალეგალური ვაჭრობის მეშვეობით გავრცელებულიყო — მსოფლიოს ერთადერთი ქერცლიანი ძუძუმწოვარი აზიაში საკვებისა და მედიცინისთვის ხშირად გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ პანგოლინები კანონით დაცულ სახეობას წარმოადგენენ, მათი სავაჭროდ გამოყენება აზიაში საკმაოდ პოპულარული საქმიანობაა. პანგოლინის ხორცი ჩინეთში დელიკატესად ითვლება, მისი ქერცლი კი ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება.
ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის წყაროს ღამურები წარმოადგენენ, თუმცა ის ადამიანზე, შესაძლოა, სხვა სახეობის გავლით გავრცელებულიყო.
პანგოლინიდან გამოყოფილი ახალი კორონავირუსის შტამის გენომური თანმიმდევრობები დაინფიცირებული ადამიანებიდან გამოყოფილისას 99%-ით დაემთხვა.
თუმცა, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორმა დირკ პიფერმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოსაზრების დასამტკიცებლად მკვლევრებს ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევთ.
"კორონავირუსის აფეთქებაში პანგოლინების შესაძლო მონაწილეობაზე მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა. ეს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პრეს-რელიზია და არა მეცნიერული მტკიცებულება. ვირუსული რნმ-ის 99%-იანი მსგავსების აღნიშვნა საკმარისი არ არის. შეიძლება თუ არა, რომ ეს შედეგი ვირუსით ძლიერად ინფიცირებული გარემოდან კონტამინაციის შედეგი იყოს?", — ამბობს ის.
"ჩვენ უნდა ვნახოთ სრული გენეტიკური ინფორმაცია, რათა დავადგინოთ, რამდენადაა დაკავშირებული ადამიანებსა და პანგოლინებში ნაპოვნი ვირუსი. ასევე გასარკვევია რამდენად გავრცელებულია ეს ვირუსი პანგოლინებში და იყიდებოდნენ თუ არა ეს ცხოველები უხანის სხვადასხვა ბაზრობაზე", — აცხადებს ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური ვიროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ჯონათან ბოლი.
კომენტარები