მეცნიერებმა 2 000 წლის წინანდელი თესლებიდან 7 ფინიკის პალმა გაზარდეს
იერუსალიმთან ახლოს, იუდეის უდაბნოში ნაპოვნი 2 000 წლის თესლებისგან მეცნიერებმა შვიდი ფინიკის პალმის ხის გაზრდა შეძლეს. ეს უძველესი თესლი ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში მეფე ჰეროდის მიერ აშენებულ ქვაბულებსა და სასახლეში აღმოაჩინეს.
იერუსალიმის მკვლევართა ცენტრის წევრმა სარა სელონმა და მისმა კოლეგებმა რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთი პალმის ხის (Phoenix dactylifera) გაზრდა მოახერხეს. დანარჩენი ექვსის გაზრდა კი მხოლოდ ახლა მოხერხდა.
მკვლევარებმა თესლი თავდაპირველად წყალში მოათავსეს და დაუმატეს ჰორმონები, რომლებიც მას ფესვების გადგმასა და აღმოცენებაში ხელს შეუწყობდა. ამის შემდეგ კი იზოლირებულ ადგილას დარგეს.
თესლების დათარიღებისთვის გუნდმა რადიონახშირბადი გამოიყენა.
ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ამ რეგიონში გავრცელებულ ფინიკის პალმებს დიდი ზომა და განსაკუთრებული სიტკბო ახასიათებდათ. მათ ასევე სამედიცინო მიზნებისთვისაც იყენებდნენ. მაგალითად, რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი წერდა, რომ "პალმები უნიკალური, შაქრით სავსე წვენით ხასიათდებოდა, რომელიც ღვინოსა და თაფლს ჰგავდა."
სარამ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ უძველესი თესლები თანამედროვეებზე ბევრად დიდია, რაც ხშირად უფრო დიდ ნაყოფსაც ნიშნავს ხოლმე.
მათ იმედი აქვთ, რომ უძველესი ხილის ხელახლა შექმნას შეძლებენ.
პალმების რაოდენობა ქრისტეს შობიდან პირველ და მეორე საუკუნეში, რომაელების წინააღმდეგ მიმდინარე ომების შემდეგ შემცირდა. სარას აზრით კი რეგიონის მშრალმა პირობებმა თესლების განსაკუთრებულად კარგად შემონახვა განაპირობა.
მოცემულ აღმოჩენამდე მსოფლიოში უძველესი აღმოცენებული თესლის ასაკი 1 300 წელი იყო. საინტერესოა ისიც, რომ 2012 წელს რუსმა მკვლევარებმა ციმბირში ნაპოვნი 30 000 წლის ხილის ქსოვილისგან ყვავილის გაზრდა შეძლეს.
კომენტარები