Parker Solar Probe-მა მზიური ქარის ხმა ჩაწერა
ელექტრონების, პროტონებისა და იონებისგან შემდგარი მზიური ქარი მზის სისტემაში დაახლოებით 1,6 კმ/სთ-ით ვრცელდება. NASA-ს ხომალდის, Parker Solar Probe-ის მიზანი მზის ატმოსფეროს გამოკვლევაა და მზის ქარის ხმის მოსმენაც სწორედ მისი მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
"ხომალდი მზესთან ახლოსაა და ჩვენ, შესაბამისად, მისი საშუალებით ახალგაზრდა მზიურ ქარს ვაკვირდებით. ეს კი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც აქ, დედამიწასთან ახლოს ვხედავთ", — განაცხადა ჰოპკინსის ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერმა ნურ რაუაფმა.
მეცნიერები მზიურ ქარებს 60 წელზე მეტია იკვლევენ, თუმცა მისი ქცევის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გაურკვეველი. ცნობილია, რომ იგი მზის ატმოსფეროდან — გვირგვინიდან მოემართება და, რაც უფრო შორდება მზეს, მით უფრო ჩქარდება. კოსმოსში მოგზაურობის დროს კი, რატომღაც არ გრილდება. მას შეუძლია დააზიანოს GPS თანამგზავრები და დედამიწაზე არსებულ ელექტრული ქსელი.
"პლაზმის ტალღები ნამდვილად განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ამ ნაწილაკების გათბობასა და აჩქარებაში", — განაცხადა რაუაფმა.
როგორც ატმოსფერული წნევის ცვლილებები იწვევს ქარს, რომელიც ოკეანის ზედაპირზე ტალღებს წარმოქმნის, ასევე წარმოქმნის რხევა ელექტრულ და მაგნიტურ ველებში ტალღებს, რომლებიც მზიდან გამოტყორცნილი ნაწილაკების "ზღვაში" ვრცელდება. ამ მზიური ქარის შემადგენელი ნაწილაკები კი ამ ტალღებზე ისევე "დაცურავენ," როგორც სერფერი ოკეანეში.
ხომალდ FIELDS-ის ინსტრუმენტს შეუძლია პლაზმის ტალღებით გამოწვეულ ელექტრულ და მაგნიტურ რხევებს ყური დაუგდოს. მას "ესმის" ტალღებისა და ნაწილაკების ურთიერთქმედება. იგი პლაზმის ტალღების სიხშირესა და ამპლიტუდას იწერს, მეცნიერები კი მას ხმოვან ტალღებად გარდაქმნიან, რომლებსაც შემდეგ ჩვენ ვუსმენთ.
"ამ ტალღების დიდი რაოდენობა მზიურ ქარში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. დედამიწასთან ისინი საკმაოდ იშვიათია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მზესთან ახლოს ისინი ყველგან არიან. არავინ იცის რა იწვევს ამ ტალღებს ან რა მოვალეობა აკისრიათ მათ მზიური ქარის გათბობისა და აჩქარების პროცესში", — განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა და FIELDS-ის გუნდის წევრმა დეივიდ მალასპინამ.
Parker Solar Probe მზეს კიდევ 21-ჯერ შემოუფრენს და მზესთან მაქსიმალურად ახლოს მისასვლელად ვენერას მიზიდულობის ძალას გამოიყენებს. შედეგად, მეცნიერებს საშუალება ექნებათ უკეთ გამოიკვლიონ ტალღების ქცევის ცვლილება მზესთან ახლოს ყოფნის მომენტში და მზიური ქარის სრული ევოლუციური სურათი შემოგვთავაზონ.
კომენტარები