ახალი ვირუსი, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთის საზღვრებს გასცდა
უცნაურმა ახალმა ვირუსმა, რომელიც ჩინეთში გავრცელდა, ორი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა. ტაილანდისა და იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით კი ვირუსმა მათ საზღვრებამდეც მიაღწია.
ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მისი გავრცელების მექანიზმის შესახებ კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.
ტაილანდში ვირუსი პირველად 13 იანვარს, ხოლო დღეს კი მეორედ დაფიქსირდა. იაპონიაში ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვირუსის გავრცელების შესახებ ხუთშაბათს განაცხადეს.
პათოგენი კორონავირუსების ოჯახს ეკუთვნის. მსგავსი ვირუსები სურდოსა და მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS) იწვევენ. ახალი 2019-nCoV კი პნევმონიის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაეცემა, ვუჰანში არსებული ზღვის პროდუქტების სავაჭრო სივრცე კი, შესაძლოა, მისი გავრცელების წყარო აღმოჩნდეს. შედეგად, პირველ იანვარს სავაჭრო სივრცე დროებით დახურეს, შემდეგ კი მალევე გახსნეს.
ვირუსით პირველად 9 იანვარს, ვუჰანში მცხოვრები 61 წლის კაცი დაიღუპა. მეორე შემთხვევა ასევე ვუჰანში, 16 იანვარს გამოვლინდა.
იაპონიაში პირველი შემთხვევა 6 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ჩინეთიდან დაბრუნებული პაციენტი ჰოსპიტალში მოათავსეს. როგორც გაირკვა, მას სიმპტომები სამი იანვრიდან აღენიშნებოდა. New York Times-ის მიხედვით, ეს შემთხვევა განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რადგან როგორც ცნობილია ეს პაციენტი არ ყოფილა არც ერთ ბაზრობაზე, სადაც ცოცხალი ცხოველები ჰყავთ. თუმცა, მას ახლო კონტაქტი ჰქონდა პნევმონიის მქონე სხვა პაციენტებთან.
რაც შეეხება ტაილანდს, აქ ვირუსი 61 წლის ჩინელი ქალის მეშვეობით აღმოჩნდა. მისი თქმით, იგი ვუჰანში ზღვის პროდუქტების იმ სავაჭრო სივრცეში არ ყოფილა, რომელიც ვირუსის წარმოშობის წყაროდ განიხილებოდა, მაგრამ ის ეწვია სხვა ბაზარს, სადაც, შესაძლოა, ასევე ყოფილიყვნენ ცოცხალი ცხოველები.
იაპონიის აეროპორტში მგზავრების თერმული სკანირება დაიწყეს, რათა სიცხიანი მგზავრები გამოავლინონ. WHO-ს მიხედვით კი, მკვლევართა ჯგუფებმა ბერლინში 2019-nCoV-ის კვლევა უკვე დაიწყეს და მის გამოსავლენად დიაგნოსტიკური ტესტიც შეიმუშავეს.
"ახლა, რადგან დიაგნოსტიკური ტესტი უკვე შეიქმნა, ვფიქრობ საეჭვო შემთხვევების გამოკვლევას მალე საფუძვლიანად შევძლებთ. ეს ასევე ნათელს მოჰფენს, შეუძლია თუ არა ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება", — განაცხადა პროფესორმა ქრისტიან დროსტენმა.
"თუ მოგზაურობის გლობალურ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ვირუსი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდესს", — განაცხადა WHO-მ.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან შესაძლოა თუ არა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდებოდეს.
"ვირუსის შესწავლის კუთხით ჯერ ადრეულ ეტაპზე ვართ, რთულია იმის თქმა საიდან მოდის ვირუსი და ზუსტად რა გავლენას ახდენს ის ადამიანზე. კვლავ ბევრი დეტალია უცნობი და სიტუაცია ალბათ განვითარებას გააგრძელებს", — ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტვიტში.
კომენტარები