2020 წელს იაპონურ მისია Hayabusa2-ის ფარგლებში დედამიწაზე ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე კაფსული დაეშვა. ხომალდმა სულ 5.4 გრამი წონის გრუნტი და მტვერი მოიპოვა. ახლა ცნობილი გახდა, რომ ამ მატერიაში მიკრობები გამრავლდნენ, თუმცა ისინი მას რიუგუდან არ ჩამოჰყოლიან, არამედ გეოლოგიური მასალა დედამიწაზე "დააბინძურეს".

ნიმუშები თავდაპირველად დალუქულ სათავსოში იყო, შემდეგ კი სპეციალურად სტერილიზებულ სივრცეში გადაიტანეს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამოსაკვლევად აზოტით სავსე კოლბებით გაგზავნეს. როგორც ჩანს, ამ პროცესში როგორღაც მიკროორგანიზმებმა რიუგუდან ჩამოტანილ გრუნტამდე, უფრო სწორად კი მის ერთ-ერთ ნაწილამდე, მიაღწიეს და გამრავლდნენ.

მათმა შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი დედამიწაზე არსებული პროკარიოტები იყვნენ. მეცნიერების თქმით, ეს მიანიშნებს, რა მარტივად და სწრაფად შეუძლიათ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ბაქტერიებს არამიწიერი მატერიის "დაბინძურება" მაშინაც კი, როცა სათანადო ზომები დაცულია.

რიუგუდან ჩამოტანილი ნიმუშები.

ფოტო: Nature Astronomy

ეს კონკრეტული ნიმუში იაპონიიდან დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს. როცა ადგილზე მიიტანეს, ის რენტგენული სკანირების მეთოდით შეამოწმეს, რათა სიცოცხლის შესაძლო კვალი გამოევლინათ, მაგრამ ამაზე არაფერი მიანიშნებდა. 3 კვირის შემდეგ ის ახლოდან შეისწავლეს და ელექტრონული მიკროსკოპით ხელახლა დაათვალიერეს.

შედეგად, გრუნტის ზედაპირზე ორგანული წარმომავლობის ჩხირები და ე.წ. ფილამენტები, ძაფისებრი სტრუქტურები, შენიშნეს. მათი ანალიზით დადგინდა, რომ მიკრობების ზრდის ტემპის, ფორმისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, ისინი დედამიწური წარმომავლობის ორგანიზმებს ჰგავდნენ. აქედან დაასკვნეს, რომ ნიმუში როგორღაც "დაბინძურდა".

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Meteorics and Planetary Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.