ცხოველთა სამყაროში მრავალი საინტერესო ბიოლოგიური ფენომენი გვხვდება და გამონაკლისი არ მწერები არიან. მათ შორისაა ნემსიყლაპია, რომელიც დედამიწაზე პალეოზოური ეპოქიდან მოყოლებული არსებობს, ანუ დაახლოებით 350 მილიონი წელია.

ნემსიყლაპიების 7 000-მდე სახეობაა ცნობილი, რომლებიც ჩვენი პლანეტის ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებული, გარდა ანტარქტიდისა. ეს არსება სიცოცხლის სამი ფაზის განმავლობაში ვითარდება: კვერცხის, ლარვისა და უკვე ზრდასრული მწერის ფორმით. მდედრები ასობით კვერცხს, როგორც წესი, წყლის დონესთან ახლომდებარე მცენარეებზე დებენ, ზოგჯერ კი —პირდაპირ კალაპოტში.

ნემსიყლაპიების სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ლარვულ ან ნიმფურ ფაზაში ატარებენ, რაც მათ სახეობაზეა დამოკიდებული. ეს ეტაპი რამდენიმე თვიდან 5 წელზე მეტხნიან პერიოდამდე გრძელდება.

ფოტო: Collectible Wildlife Gifts

ამ დროის განმავლობაში ისინი გასაოცარი ადაპტაციებით სარგებლობენ, მაგალითად, არც მეტი, არც ნაკლები, ანუსიდან სუნთქავენ. ამას რექტალურ ღრუში არსებული ერთგვარი ლაყუჩებით ახერხებენ, რომელთა დახმარებითაც წყლიდან ჟანგბადს ითვისებენ. მიიჩნევა, რომ ეს რექტალური ლაყუჩები მსხვილი ნაწლავის დაბოლოებიდან განვითარდა.

გარდამავალ პერიოდში ნემსიყლაპიებს სხეულზე უკვე სპეციალური სასუნთქი ხვრელები უყალიბდებათ. ეს ლარვული ფაზის დასასრულს ხდება, სანამ ისინი ზრდასრულობაში შეაბიჯებენ. შემდეგ ამ მწერებს სუნთქვა შეუძლიათ როგორც ანუსიდან, ისე ზემოხსენებული ხვრელებიდან.

თუ გგონიათ, რომ ნემსიყლაპიების გასაოცარი ადაპტაციები ამით სრულდება, ცდებით. მაგალითად, იცოდით, რომ მათ მტაცებლური უნარებიც აქვთ? და დიახ, ესეც ანუსს უკავშირდება.

ფოტო: Bulanbeck

როცა ანუსში წყალი ხვდება, ახალგაზრდა ნემსიყლაპიები (ნიმფები) სხეულის ამ ნაწილში არსებულ კუნთებს ძაბავენ და სითხის ნაკადის წინააღმდეგ მიმართავენ, რაც რექტალურ ღრუში წნევას ზრდის. შედეგად, პირის აპარატის დანამატი გარეთ გამოდის და მსხვერპლს იხელთებს. ეს 10-30 წამამდე დროის განმავლობაში გრძელდება.

ასევე, უკანა ტანს ისინი რეაქტიული მოძრაობისთვის იყენებენ, რათა წყალში სწრაფად გადაადგილდნენ. ამისთვის ნიმფები ანუსში დაგროვებულ წყალს მაღალი წნევით გარეთ ტყორცნიან, რაც მათ სხეულს წინ უბიძგებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.