დედამიწაზე ნავიგაციისთვის კომპასს ადამიანები საუკუნეებია, ვიყენებთ. დაფიქრებულხართ, რა მოხდება თუ მას კოსმოსში წავიღებთ? მაინც საით აჩვენებს მისი ისარი?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იქნებით. ის აუცილებლად დედამიწისკენ არ მიგვითითებს. ეს ხელსაწყო იმ ობიექტის ჩრდილოეთ პოლუსს გვიჩვენებს, რომლის მაგნიტური ველიც იმ მდებარეობისთვის ყველაზე ძლიერი იქნება.

ეს იმიტომ, რომ კომპასის ფუნქციონირება სწორედ მაგნიტურ ველზეა დამოკიდებული. ის თავადაც მაგნიტია, რომლის ჩრდილოეთ პოლუსიც დედამიწის სამხრეთ მაგნიტურ პოლუსთანაა დაკავშირებული. პლანეტის ამ ველს მეტალის თხევადი ბირთვი წარმოქმნის, რომლის მოძრაობაც დინამოს ეფექტს განაპირობებს. აღნიშნული ფენომენის წყალობით, მთელ მზის სისტემაში დედამიწას ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი აქვს.

დედამიწის მაგნიტური ველი მზის რადიაციის წინააღმდეგ.

ფოტო: NASA

ეს უხილავი რეგიონი მზის მხარეს ჩვენი მშობლიური ციური სხეულიდან დაახლოებით 37 000 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება, საპირისპირო მხარეს კი — 370 000 კილომეტრზე. ამ არეალს მაგნიტოსფერო ეწოდება. მის ფარგლებში და შედარებით მოშორებითაც კომპასი დედამიწის მაგნიტურ ველს დაეყრდნობა.

ამის მიზეზი ისაა, რომ, მაგალითად, მთვარეს მაგნიტური ველი არ აქვს, მაგრამ წარსულში ჰქონდა. მას შემდეგ დედამიწის თანამგზავრის ბირთვი გაგრილდა და ბრუნვა შეანელა. იგივე მოხდა მარსის შემთხვევაში დაახლოებით 3.9 მილიარდი წლის წინ, რამაც არა მხოლოდ მაგნიტური ველის, არამედ ატმოსფეროს დაკარგვაც გამოიწვია.

მათ ქერქისმიერი მაგნეტიზმი მაინც ახასიათებთ, რაც ამ ციურ სხეულებზე მყოფი ასტრონავტის კომპასსაც არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ამის მიუხედავად, კომპასის ისარი, სავრაუდოდ, მაინც იუპიტერისკენ აჩვენებს. მისი მაგნიტოსფერო ყველაზე მასიურია, 21 მილიონ კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და მეტალური წყალბადის ბირთვის მიერაა წარმოქმნილი.

რა თქმა უნდა, ის მზის მაგნიტურ ველს, ჰელიოსფეროს, საგრძნობლად ჩამოუვარდება, ამიტომ პლანეტათაშორის სივრცეში კომპასი უმეტესწილად სწორედ ვარსკვლავიდან მომავალი ქარის მაგნიტურ ველთან შევა ურთიერთქმედებაში.

ყველაფრის მიუხედავად, კოსმოსში ნავიგაციისთვის ტრადიციული კომპასები გამოუსადეგარია. იქ მაგნიტურ ჩრდილოეთს ე.წ. სამგანზომილებიანი კომპასი თუ გაჩვენებთ, მაგრამ პლაზმაზე სამეცნიერო დაკვირვებებისთვის უფრო მაგნიტომეტრები გამოიყენება

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.