მეცნიერებმა 2 200 წლის წინანდელი ეგვიპტური კერამიკული ჭურჭელი შეისწავლეს და მასში ფსიქოაქტიური მცენარეების ნალექს მიაკვლიეს.

ოდესღაც თიხის ამ პატარა დოქში ხილის შემცველი ფერმენტირებული სითხე ესხა, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა. დასატკბობად მასში თაფლი იყო გარეული და, სავარაუდოდ, ძირტკბილაც. ასევე, მიაგნეს ადამიანის სხეულის სითხეების კვალსაც. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ალკოჰოლურ და ჰალუცინოგენურ სასმელს, დიდი ალბათობით, ღვთაება ბესისადმი მიძღვნილი რიტუალისას იღებდნენ. ჭუჭლის გარედან სწორედ მისი გამოსახულებაა.

ის ოჯახებისა და მშობიარობის დამცველი, ასევე სიზმრების/ხილვების მომცემი ღვთაებაა, რომლის გამოსახულებითაც ეგვიპტეში 380 კერამიკული ჭურჭელია ნაპოვნი. ამის მიუხედავად, მათი დანიშნულება გაურკვეველი იყო. არ ვიცოდით, მათ ყოველდღიური გამოყენებითი ფუნქცია ჰქონდა, თუ საკრალური. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ კითხვებს პასუხი პირველებმა გასცეს.

ფოტო: Nature

სულ ორი ფსიქოაქტიური მცენარის კვალი გამოვლინდა. მათ შორისაა Nymphaea nouchali, რომლიდანაც ბესის "დაბადება" ხშირადაა გამოსახული. მეორე მცენარე Peganum harmala-ა, რომელსაც სედატიური და ჰალუცინოგენური თვისებები აქვს. შედეგად, ისეთ სიზმრისეულ ზმანებებს იწევს, როგორიც ბესის შესახებ მითებშია აღწერილი.

რაც შეეხება თავად ჭურჭელს, ის დღევანდელი კაიროს სამხრეთით არსებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნისაა, რა დროსაც აღნიშნულ რეგიონში ბესისადმი მიძღვნილი რიტუალები ტარდებოდა. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს ნალექში მიკვლეული ადამიანური წარმომავლობის ცილები, მათ შორის დედის რძე, ორალური ან ვაგინალური ლორწო და სისხლი.

შესაძლოა, ამ სასმლის მიღება ბესისთვის ორსულობისა და მშობიარობის უსაფრთხოდ ჩავლის შეთხოვნას ემსახურებოდა. სპეციალისტებს სურთ, რომ სხვა მსგავსი არტეფაქტებიც შეისწავლონ და ამ საკითხის შესახებ მეტი გაიგონ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.