Instagram ყალბ ფოტოებს მალავს – საფრთხე არტისტებისთვის
Instagram-მა დეკემბერში განაცხადა, რომ ის ახალი ფუნქციის დამატებას აპირებდა, რომელიც ყალბ ან მანიპულირებულ ფოტოებს სპეციალური ლოგოთი მონიშნავდა. როგორც ცნობილია, ამისთვის ინსტაგრამი დამოუკიდებელ ფაქტჩეკერებს იყენებს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ფუნქცია პრობლემებს უბრალოდ დაფოტოშოპებულ ფოტოებსაც უქმნის, ისევე როგორც, ზოგადად ციფრულ ხელოვნებას.
PetaPixel-ის განცხადებით, ფოტოგრაფმა ტობი ჰარიმანმა შეამჩნია, რომ ფოტოშოპით დამუშავებული სურათები ინსტაგრამმა ცრუ ინფორმაციად მონიშნა, არადა მასზე მხოლოდ და მხოლოდ ჭრელი მთების ფონზე მდგარი ადამიანი ჩანდა.
თუ ინსტაგრამი გადაწყვეტს, რომ ფოტო ყალბ ინფორმაციას შეიცავს, მის ნახვამდე გამაფრთხილებელი პოპ-აპის გავლა მოგიწევთ.
"მე ძალიან მინდა, რომ დაფოტოშოპებული და ნამდვილი ფოტოების გარჩევა ადვილად შეიძლებოდეს. თუმცა მე ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემ ციფრულ ხელოვნებას და არ მინდა, რომ მის ნახვაში ხელს სხვადასხვა ბარიერი მიშლიდეს", — განაცხადა ფოტოგრაფმა ტობი ჰარიმანმა.
"ჩვენ ისევე მოვექცევით ასეთ კონტენტს, როგორც ვექცევით დეზინფორმაციას. თუ დამოუკიდებელი ფაქტჩეკერები გადაწყვეტენ, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, ჩვენ მას გავფილტრავთ", — განაცხადა ინსტაგრამის წარმომადგენელმა.
კომენტარები