ახლადაღმოჩენილ პარაზიტ ბზიკებს ობობების მართვა შეუძლიათ
ბუნებაში ცხოველები ერთმანეთთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას ამყარებენ, მაგალითად, არსებობს სიმბიოტური ურთიერთობები, სადაც ორი სახეობის წარმომადგენელს ერთმანეთისთვის სარგებელი მოაქვთ. ერთი შეხედვით, შეიძლება გასაკვირი იყოს რატომ არ ხურავს ნიანგი თავის ვეება პირს, როცა მის ღრძილებს ჩიტები კორტნიან.
ნუთუ ნიანგებს ფრინველის ხორცი არ უყვართ? სინამდვილეში ნიანგს ნარჩენებისგან პირის ღრუს გასუფთავება ძალიან აწყობს, ჩიტები კი უფასო საჭმელზე უარს არ ამბობენ. მიუხედავად ამისა ბუნება სავსეა არც ისე "კეთილშობილური აქტებით", სადაც ერთი სახეობა მეორეს სხეულს სათავისოდ იყენებს, მისი მსხვერპლი კი აქედან აქედან სარგებელს არ იღებს.
ახალადაღმოჩენილი გიგანტური ბზიკის ქცევა მსგავსი პარაზიტიზმის კარგი მაგალითია. ტურკუს უნივერსიტეტის მკვლევარები ბრაზილიის და არგენტინის ტყეებს უკვე ოცი წელია სწავლობენ, მათთვის განსაკუთრებულად საინტერესოა "პარაზიტოიდი მწერები", რომლებიც სხვა მწერებს პარაზიტული მიზნებისთვის იყენებენ.
ახლადაღმოჩენილი ბზიკის სახეობა — აკროტაფუსი არაერთი ობობის პარაზიტია. აკროტაფუსი თავს ესხმის ობობას და მისი სხეულის პარალიზებს იწვევს, შემდგომ კი განწირული ობობის სხეულში კვერცხს დებს. კვერცხიდან პატარა ლარვა იჩეკება, რომელიც ობობის სხეულით შიგნიდან იკვებება, სანამ მომწიფებულ ბზიკად არ გარდაიქმნება. აკროტაფუსის პარაზიტიზმი ამით არ მთავრდება.
ობაბაში მობინადრე აკროტაფუსი მანიპულირებს ობობის სხეულით. ეს ერთგვარი "გონების კონტროლია", რომლის დროსაც ობობა უცნაურ ქსელს ახვევს, რომელიც მსხვერპლის არა დაჭერას, არამედ საკუთარი თავის დაცვას ემსახურება —რეალურად კი ობობის სხეულში მცხოვრები პარაზიტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან როგორ მოქმედებს "გონების კონტროლი" ცხოველებში, თუმცა, როგორც ჩანს, მსგავსი ქცევა ბუნებაში არც ისე იშვიათია. ასეთი პარაზიტები ძირითადად ჭიები არიან, რომლებიც მცირე ზომის კალიებში და ხოჭოებში სახლდებიან. ახლახან კი მათ სიას აკროტაფუსიც მიემატა და თანაც, დამსახურებულად.
კომენტარები