2019 წელს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებმა გასული ორი წლის ყველაზე აქტულური საკითხი, ე.წ. ციანიდის საქმეც კი გადაფარა. ბოლო წლებში პირველად, ეკლესიაში "სოდომური ცოდვის" შესახებ საჯაროდ ილაპარაკეს. მრავალი წლის შემდეგ ქვეყნაში ყველაზე სანდოდ მიჩნეული ინსტიტუტის იმიჯს მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა. დარტყმა აისახა ნდობის რეიტინგშიც (NDI). ეკლესიას ნდობით ჯარმა გაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში

ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია ოფიციალურად მიენიჭა. ამ დღიდან დღემე უკრაინა საქართველოს მხარდაჭერას ელის. მიზეზი მარტივია, "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია".

მოლოდინი ჯერ კვლავ უშედეგოა. საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. მიზეზად გაჟღერდა, რომ თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდნენ. საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვა დაიგეგმა, თუმცა ითქვა ისიც, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა. მიზეზებს შორის დასახელდა "ტომოსის ჯერ ვერ წაკითხვაც".

ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა".

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების თემად იქცა. ბოდბის ეპისკოპოსი, იაკობი ამბობდა, რომ საქართველო რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერთოს და საკუთარ ინტერესებზე უნდა იზრუნოს. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ უკრაინელი ხალხი ავტოკეფალიას იმსახურებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება რთულია. ხოლო, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერდა.

"როდემდე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რუსეთის ინტერესები და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენსას არაფერს", — აცხადება ეპისკოპოსი მელქისედეკი.

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია "ფარისევლური" აღმოჩნდა ჭყონდიდის მაშინდელი მიტროპოლიტ პეტრესთვის.

საქართველოს გაუჟღერებელმა პოზიციამ რუსეთის ეკლესიის კეთილგანწყობაზე მაინც ვერ იმოქმედა. რუსეთის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში მყოფ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მღვდელმსახურები გაგზავნა.

მინისტრები "პატრიარქის გადასაყენებლად"

რომ არა ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის ბრალდებები და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები, საპატრიარქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხით მოექცეოდა. ეპისკოპოსის განცხადებით ირკვეოდა, რომ ხელისუფლეფა საპატრიარქოს საქმეებში ერევა და გადაწყვეტილებების მიღებასაც ცდილობს.

TV პირველთან ეპისკოპოსის ინტერვიუდან ირკვეოდა, რომ მაშინდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მაშინდელი მინისტრები გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებასა და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე" შეხვედრა გაიმართა. ამავე შეხვედრის კონტექსტში გაჟღერდა ირაკლი შოთაძისა და ოთარ ფარცხალაძის სახელები. ეპისკოპოსის თქმით, იქ ითქვა, რომ "ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ".

ამავე ეთერში იაკობი ამტკიცებდა, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი გიორგი მამალაძე ყველაფერში ერთად იყვნენ, "ციანიდის საკითხი" ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და მასში "სახელმწიფოც იყო ჩარეული".

გავიდა რამდენიმე საათი და ბრალდებები, რომელიც ეპისკოპოსმა გააჟღერა, მანვე უარყო. თქვა, რომ საუბარი არა პატრიარქის ლიკვიდაციაზე, არამედ ილია მეორის ჩანაცვლებაზე იყო.

იმის მიუხედავად, რომ ბრალედბა პატრიარქის ლიკვიდაციაზე გაჟღერდა, პროკურატურამ ეპისკოპოსის უარყოფის დაიჯერა. განმარტეს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდებოდა განცხადება, "რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს".

საკითხი პროკურატურამ არა, მაგრამ სინოდის სხდომაზე განიხილეს. როგორც სინოდის შემდგომი განცხადებებიდან გაირკვა, იაკობმა შენდობა ითხოვა, ბოდიში მოიხადა, გაფრთხილება მიიღო და ბოდბის ეპარქიის მმართველობა შეინარჩუნა.

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი

"პედარასტიის ცოდვა" საპატრიარქოში

არსებობდა მოლოდინი, რომ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ დღის მთავარი თემა უკრაინის ავტოკეფალიისა და ეპისკოპოს იაკობის ბრალდებები გახდებოდა. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა.

სინოდის სხდომა პირველმა ჭყონდიდის მაშინდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ დატოვა. თქვა, რომ საქართველოს პატრიარქი "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი".

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

თუმცა, "მხილებები" ამით არ დასრულებულა. რამდენიმე საათში მამა გიორგი სხილაძემ მეუფე ზოსიმე, რომელიც სასულიერო აკადემიის რექტორი იყო სტუდენტებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაუალა. გაჟღერდა კონკრეტული სახელი და გვარიც.

მაშნდელი სტუდენტი ყვებოდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი "სოდომურად თავს დაესხა" სვეტიცხოვლის რეზიდენციაში. მეუფე ზოსიმემ ბრალდება უარყო და თქვა, რომ ის სექსუალურ ძალადობაში იმიტომ დაადანაშაულეს, რომ პატრიარქს ებრძვიან.

ფოტო: გვანცა ნესმაძე / On.ge

სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებისა და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების საქმეებზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გამოძიების დაწყება მოიითხოვა. როგორც ომბუდსმენი განმარტავდა, სავარაუდო სექსუალური შევიწროება შესაძლოა არასრულწლოვნების მიმართ იყოს განხორციელებული. მისივე თქმით, ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს შეიცავს.

ფოტო: პირველი არხი

ხმაურიანი ბრალდებების გამო ჭყონდიდიდის მიტროპოლიტს პატრიარქმა თანამდებობა დაატოვებინა. თუმცა, მეუფე პეტრეს მოთხოვნა შესრულდა, სინოდმა საქართველოს პრეზიდენტთან ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის შეწყალების რეკომენდაცია გასცა.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.