Huawei გუგლს აფრთხილებს: ჩვენ მზად ვართ თქვენს ჩასანაცვლებლად
ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის რამდენიმე განკარგულებამ ჩინური გიგანტი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა ამის გამო საბოლოოდ ზარალი ამერიკულ კომპანიებსაც შეეხოთ და ვაშინგტონსაც დათმობებზე მოუწია წასვლა.
ჰუავეის ანდროიდის გამოყენების უფლება ისევ აქვს, თუმცა შეზღუდვა ბოლომდე არ მოხსნილა და Google-ის სერვისებთან წვდომა კომპანიისთვის ნაწილობრივ კვლავ შეზღუდულია, რაც იმას გულისხმობს, რომ Huawei ვერ გამოიყენებს Google Play Market-ს, გუგლის რუკებსა და სხვა ასეთ საკვანძო პროგრამებს, თუმცა ჩინელები თვლიან, რომ ეს პრობლემა არ არის. სიმართლე ამაშიცაა, ანდროიდი ალეტრნატიული გზების პოვნის საშუალებას ყოველთვის იძლევა.
Huawei-ს ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ თითქმის ყველა საკვანძრო პროგრამა უკვე მზად აქვთ, რომლებიც დღის შუქს მალე იხილავენ. ამავე ფაქტს ადასტურებს წინა კვირას გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც Huawei P40-ს, რომელიც მარტში გამოვა, შემცვლელი პროგრამები ჩაშენებული უკვე ექნება. რა თქმა უნდა, ოფიციალურად დადასტურებული არაფერია, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება ზუსტად ემთხვევა ახალი სმარტფონების გამოშვების პერიოდს, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.
იმისათვის, რომ ინფორმაციის სანდოობაში დავრწმუნდეთ, შეგვიძლია ინდოეთში ჰუავეის სამომხმარებლო ტექნიკის დეპარტამენტის უფროსის სიტყვებიც დავიმოწმოთ.
ჩარლს პენგმა, ინდოეთის Economic Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ მათ უკვე მზად აქვთ საკომუნიკაციო სერვისების (HMS) დიდი ნაწილი და ცდილობენ თავიანთი ეკოსტისტემა ააწყონ.
პენგის თქმის მომხმარებლები ვერც კი შეამჩნევენ სხვაობას გუგლის სერვისებსა და ჰუავეის სერვისებს შორის.
Economic Times-ზე დაყრდნობით, ჰუავეი თავის ქვებრენდ Honor-თან ერთად აპირებს ინდოელი დეველოპერების გადმობირებას და ამისთვის ერთი მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
"ჩვენ ვფიქრობთ, როგორ შევთავაზოთ დეველოპერებს უკეთესი სამუშაო პირობები. ის რასაც ჩვენ ვუმიზნებთ, გამოწვევაა" — განაცხადა პენგმა.
გამოწვევა გასაგებია, თუმცა როგორ უნდა მოახერხოს ჰუავეიმ ჯიმეილის, იუთუბის, გუგლ ფეისა და გუგლ დრაივის ჩანაცვლება, ცოტათი გაურკვეველია.
პენგმა ასევე თქვა, რომ ინდოელი დეველოპერები ჩინელებთან ერთად მათ HMS სერვისების შექმნაში დაეხმარებიან, რომლებიც სხვა რეგიონებისთვისაც იქნება განკუთვნილი, აქ კი ევროპაც მოიაზრება. პენგის თქმით, HMS-ს დახმარებით ყველა ტოპ აპლიკაცია, რომელთა რაოდენობაც ჯამში 100-150 შეადგენს, მომხმარებლებამდე მიაღწევს.
ეს ყველაფერი ჰუავეისთვის ნამდვილად დიდი გამოცდაა. ამერიკის შეზღუდვები მათზე ცუდად აისახა და იმისათვის, რომ კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნაირანობა შეინარჩუნოს, აუცილებელია ალტერნატიული გზების რაც შეიძლება სწრაფად პოვნა.
წინა კვირას ჰუავეის საერთაშორისო სმარტფონების დანაყოფის უფროსმა, რიჩარდ იუმ განაცხადა, რომ ახალი P40 მარტის ბოლოს გამოვა და ის წარმატებას გუგლის გარეშეც მიაღწევს, ის დანაკლისი რაც GMS სერვისების არქონითაა გამოწვეული, მათი ალტერნატივებით იქნება შევსებული.
ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Huawei Mobile Services (HMS) მზად იქნება და მას ახალ სმარტფონთან ერთად ვიხილავთ.
თუკი დავუშვებთ, რომ ჰუავეიმ გუგლის ალტერნატივა მართლაც შექმნა, რომელიც მომხმარებლებისთვის უკვე მზადაა, მაშინ ნამდვილი ბრძოლა ალბათ აქედან დაიწყება — ჰუავეის წინ დიდი დავალება აქვს, გადმოიბიროს და შეინარჩუნოს მილიონობით მომხმარებელი.
თუ ჰუავეის ახალი ფლაგმანიც Mate 30 Pro-ს ბედს გაიზიარებს, მაშინ კომპანიას გაყდვების ასეთი ტემპის შენარჩუნება გაუჭირდება, ამიტომ უნდა ვიმედვნოთ, რომ Huawei P40 სერია რეალურად კონკურენტუნარიანი იქნება.
სავარაუდოდ, ჰუავეის პირველი გეგმა ისევ გუგლთან დაბრუნება და ურთიერთობის დალაგებაა. რეალურად, ძალიან ძნელია ასეთ ხანმოკლე დროში მოახერხო ისეთი გიგანტის ჩანაცვლება, როგორიც გუგლია. ანდროიდის ეკოსისტემის განვითარებას წლები დასჭირდა, მოახერხებს თუ არა ჰუავეი იგივეს, ამას დრო გვიჩვენებს.
ერთი მხრივ, ასეთი სიახლეები გუგლისთვისაც დამაფიქრებელია და ეს კომპანიას უბიძგებს, რომ ოფიციალურ ვაშინგტონთან იშუამავლოს, ვინაიდან და რადგანაც ჰუავეისთან ურთიერთობის გაწყვეტა არც მათ აწყობთ, ეს კომპანია ანდროიდის ბაზარზე სამსუნგის შემდეგ ნომერ მეორე მოთამაშეა.
კომენტარები