მეცნიერებმა ქვის ხანის დროინდელი საღეჭი რეზინით უძველესი ადამიანის დნმ აღადგინეს
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დანიაში აღმოჩენილი 5 700 წლის წინანდელი საღეჭი რეზინის მეშვეობით ქვის ხანაში მცხოვრები ქალის დნმ-ის აღდგენა შეძლეს. დოქტორი ჰანს შროდერი განმარტავს, რომ საღეჭი რეზინი უძველესი დნმ-ის კვლევისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი წყაროა.
საღეჭი რეზინი არყის ხის ფისისგან მზადდებოდა. მეცნიერების აზრით, მას მოიხმარდნენ კბილის ტკივილის ან ავადმყოფობის დროს. ასევე აღმოაჩინეს გოგონას მიერ ბოლოს მიღებული საკვების — იხვისა და თხილის გენეტიკური კვალი.
გენომის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ გოგონას დნმ განსხვავდება იმავე პერიოდში სკანდინავიის მაცხოვრებლების დნმ-ისგან, მეცნიერების აზრით იგი მოსახლეობის იმ ნაწილს ეკუთვნოდა, რომელიც სამხრეთ ევროპიდან მიგრირდა სკანდინავიისკენ, მას მათსავით მუქი ფერის კანი და თმა, ხოლო თვალები კი ლურჯი ჰქონდა. ასევე ცნობილია, რომ იგი ცხოვრობდა ლაგუნასთან ახლოს, ღია ზღვისგან დაცულ ტერიტორიაზე. ამ პერიოდის მაცხოვრებლები აქტიურად იყენებდნენ ბუნების რესურსებს, ასევე ჩანასახოვან ფაზაში იმყოფებოდა ფერმერობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი.
მკვლევარებმა საღეჭი რეზინიდან არამხოლოდ ადამიანის, არამედ სხვადასხვა მიკრობის გენომის აღდგენაც შეძლეს. პროფესორი შროდერი განმარტავს, რომ ეს მოვლენა მეცნიერებისთვის შესაძლებელს ხდის პათოგენების განვითარებისა და გავრცელების არეალის შესწავლას.
მკვლევართა აზრით საღეჭი რეზინი საშუალებას იძლევა უძველესი ადამიანების ცხოვრების წესისა და მათი ჯანმრთელობის შესახებ მეტი ინფორმაცია გვქონდეს და ასევე გავიგოთ როგორ ვითარდებოდნენ პათოგენები დროთა განმავლობაში.
ეს უძველესი საღეჭი რეზინის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. მაისში სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან მკვლევართა კიდევ ერთმა ჯგუფმა, ანდრეს იოთელსტრომის ხელმძღვანელობით, ასევე შეძლო მსგავსი მასალიდან დნმ-ის აღდგენა. ამ კვლევებით კი ირკვევა, რომ ძვლებისა და კბილების არარსებობის შემთხვევაში საღეჭი რეზინი, შესაძლოა, მათ კარგ ალტერნატივას წარმოადგენდეს.
"გარდა იმისა, რომ საღეჭი რეზინი ადამიანის დნმ-ის ანალიზისთვის წარმოადგენს ალტერნატიულ წყაროს, ბევრად აღმაფრთოვანებელია უძველესი მიკრობების დნმ-ის შესწავლის შესაძლებლობა", — აღნიშნავს იოთელსტომი.
კვლევა გამოქვეყნდა Nature Communications-ში.
კომენტარები