აზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ანგკორის არქეოლოგიურ პარკში, სადაც ტურისტებს ცხოველები, უფრო კონკრეტულად კი სპილოები ემსახურებოდნენ ახალი წესები ამოქმედდა.

საქმე ის არის, რომ კამბოჯამ ანგკორ-ვატის ტაძრის ტერიტორიაზე ამ გიგანტური ცხოველებით გადაადგილება აკრძალა.

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ივნისში დააანონსეს, ცხოველთა დამცველი აქტივისტების პროტესტი გახდა.

ადგილობრივი მედიის Khmer Times-ის ინფორმაციით კი პარკში მცხოვრები 14 სპილოდან, ორს ახლომდებარე ტყეში გადაიყვანენ და გაუშვებენ — ამავე გამოცემიდან ვიგებთ, რომ დანარჩენი სპილოების ველურ ბუნებაში დაბრუნება, მომავალი წლიდან იგეგმება.

ფოტო: TANG CHHIN SOTHY / AFP/AFP via Getty Images

"სპილოები დიდი ცხოველები არიან, თუმცა, ამავდროულად ზედმეტად მგრძნობიარეები საიმისოდ, რომ ტურისტულ აქტივობებში იყვნენ ჩართული. გვინდა, რომ ისინი ველურ ბუნებაში დავაბრუნოთ", — ამბობს პარკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს სპილოს, სახელად სამბოს სიკვდილმა მსოფლიოში დიდი გამოხმაურება და აღშფოთება გამოიწვია. მისი გარდაცვალების მიზეზი კი სიცხე და ადამიანების გარემოცვაში დიდი ხნით ყოფნა გახდა.

2016-დან 2018 წლისთვის, ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით, სპილოების რაოდენობა პლანეტაზე 50%-ით შემცირდა.