ავსტრალიაში ბუმბულებიანი პოლარული დინოზავრების პირველ მტკიცებულებას მიაგნეს
დღეს დედამიწის ყველაზე ცივ რეგიონებში მცხოვრები ცხოველებისთვის თერმორეგულაცია უმნიშვნელოვანესია, იქნება ეს ცხიმის ფენა, ბეწვი თუ ბუმბულები — მონაცემები კი მიუთითებს, რომ მსგავსი მექანიზმი დინოზავრებსაც სჭირდებოდათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი მტკიცებლება იმისა, რომ ცარცულ პერიოდში სამხრეთ პოლუსზე მცხოვრები დინოზავრები ნამდვილად ბუმბულებით იყვნენ შემოსილნი, რაც მათ სიცივესთან გამკლავებას უადვილებდა.
იმის დადგენა, თუ რომელ დინოზავრებს ჰქონდათ ბუმბული და რომლებს ქერცლი, რთულია, თუმცა ის ცალსახაა, რომ ორივე ტიპის დინოზავრები არსებობდნენ. ნამარხებში ბუმბულის პოვნა ძალიან იშვიათად ხდება, რადგან რბილი ქსოვილები მხოლოდ ძალიან სპეციფიკური პირობების არსებობის შემთხვევაში ნამარხდება.
ეს ათი განამარხებული ბუმბული პირველად 1960-იან წლებში, ავსტრალიაში ერთ-ერთი გზის მშენებლობისას იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის უძველესი ფრინველების ბუმბულები ეგონათ, თუმცა ამ საკითხზე დეტალური კვლევა ჩატარებული ამ დრომდე არ იყო.
"პოლარულ გარემოში განამარხებული ბუმბულები ამ დრომდე ნაპოვნი არ იყო. ეს აღმოჩენა პირველია, რომელიც აჩვენებს, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე ბუმბულებიანი დინოზავრები და პრიმიტიული მფრინავი ჩიტები ცხოვრობდნენ", – აცხადებს უფსალის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი და კვლევის ავტორი ბენჟამინ კეარი National Geographic-თან საუბარში.
დაახლოებით 118 მილიონი წლის წინ ავსტრალია დედამიწის უკიდურეს სამხრეთში არსებული მიწის ნაწილი იყო, ანტარქტიდასთან ერთად. თუმცა, ამ დროს მცხოვრებ დინოზავრებსა და ფრინველებს ისეთ ექსტრემალურ გარემოში ყოფნა სულაც არ უწევდათ, როგორი კლიმატითაც ეს რეგიონები დღეს გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ზამთარში მათ ხანგრძლივი ცივი და ბნელი პერიოდების გადატანა მაინც მოუწევდათ.
უფსალის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მეცნიერებმა მასალა მორფოლოგიურად და ქიმიურად შეამოწმეს და დაადგინეს, რომ 10-დან მხოლოდ ერთი წარმოადგენს ბუმბულის იმავე ტიპს, რომელსაც თანამედროვე ფრინველები ფრენისთვის იყენებენ. ნამდვილ ბუმბულებს სპეციალური ძარღვები გააჩნიათ, რომლებიც ერთმანეთთან ბადისებრი სტრუქტურითაა დაკავშირებული. დანარჩენი 9 ნამარხი კი პროტობუმბულა, რომელსაც ეს ბადისბრი სტრუქტურა არ გააჩნია, რის გამოც ეს ბუმბულები უფრო ფუმფულა და თმის მსგავსი უნდა ყოფილიყო.
მათი შეფერილობა დიდი ალბათობით მუქი უნდა ყოფილიყოთ, რაც პოლარულ რეგიონს თუ გავითვალისწინებთ, უცნაურია. ეს, შესაძლოა, ნინავდეს, რომ ეს ცხოველები ბუმბულებს სეზონების მიხედვით იცვლიდნენ.
აღმოჩენილთა შორის ყველაზე დიდი ბუმბული 1,27 სანტიმეტრის სიგრძის იყო, ყველაზე პატარა კი, — რომელიც ჩიტის ბარტყის ბუმბულს წარმოადგენდა — 7 მილიმეტრს არ აღემატებოდა.
კვლევის შავი ვერსია ჟურნალ Gondwana Research-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები