პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი ნაბიჯია და მათ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლიათ. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტარები გაიაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოსახლეობის წინაშე აქვთ.

"ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების ქვეყანაში განვითარების დასაჩქარებლად", — განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ქართული ოცნების ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მეორე დღეა განიხილავენ. პარლამენტს პირველი მოსმენით კანონპროექტი ჯერ კიდევ 12 ნოემბერს უნდა მიეღო, თუმცა ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის მოწვევა ითხოვა.

13 ნოემბრის უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ჩააგდებდნენ. პარლამენტში მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ კენჭისყრა ისევ გადაიდო და 14 ნოემბერს ისევ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12 საათისთვის არის ჩანიშნული.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ წამოუყენა ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.

გაიგე მეტი: