მარიხუანის ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით გამოყენება გაუმართლებელია — კვლევა
მარიხუანა, როგორც პანაცეა — როგორც წესი, კანაფის პროდუქციას ამგვარი სახით პოპულარული მედია წარმოაჩენს. რამდენიმე ქვეყანაში ფსიქიატრები სამედიცინო მარიხუანას დამხმარე სამკურნალო საშუალებად უნიშნავენ პაციენტებს, თუმცა მისი ეფექტურობის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულება საკმაოდ მწირია. საკითხის აქტუალურობის გათვალისწინებით, ავსტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა ბოლო 40 წლის განმავლობაში დაგროვილი სამეცნიერო კვლევები გააანალიზა.
მარიხუანას შემცველი პროდუქტის სამედიცინო მიზნებით გამოყენება დეპრესიის, შფოთვის, ფსიქოზის ან სხვა ფსიქიკური პრობლემების სამკურნალოდ გამართლებული ვერ იქნება, მისი ეფექტურობის შესახებ მწირი მტკიცებულებების გამო — ვკითხულობთ მეტა-ანალიზში, რომელიც ჟურნალში Lancet Psychiatry გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა შეაჯამეს სამედიცინო მარიხუანას ეფექტურობის შესახებ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტის სინდრომი (ADHD), ტურეტის სინდრომი, პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომი (PTSD) და ფსიქოზი — სულ 83 კვლევა, რომელიც ჯამში 3 000 ადამიანს მოიცავდა. მეცნიერთა ფოკუსში როგორც ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), ასევე კანაბიდოლი (CBD) მოხვდა. მარიხუანის სარგებლიანობაზე მტკიცებულებები ძალზე სუსტი გამოდგა.
კვლევის ხელმძღვანელი ავსტრალიელი პროფესორი ლუიზა დეჯენრადტია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, ნაშრომს ყველაზე დიდი გავლენა სწორედ იმ ქვეყნებში ექნება, სადაც სამედიცინო მარიხუანას კლინიკური გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა.
ნაშრომს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს ავსტრალიაში, აშშ-ში და კანადაში ექიმები მარიხუანას შემცველ პროდუქტებს სამკურნალო მიზნებით უნიშნავენ. შესაბამისად, ამ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ამჟამად სამეცნიერო პოზიცია ასეთია: რისკები სარგებელს გადაწონის.
ნაკლებად სარწმუნო გამოდგა THC-ს ეფექტურობაზე გამოქვეყნებული მტკიცებულებები გაფანტული სკლეროზის, შფოთვითი აშლილობითა და ქრონიკული ტკივილით შეპყრობილი ადამიანების მკურნალობისას. ასევე დადგინდა, რომ ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებში იგი კლინიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
კანაბინოიდების ეფექტურობის ძიების პარალელურად მეცნიერები მის შესაძლო ზიანსაც იკვლევდნენ — სანამ პრეპარატებს კვლევაში ჩართულ პაციენტებს მისცემენ, ისინი სწორედ ასეთ სკრუპულოზურ შემოწმებას გადიან.
მარიხუანას მოწევის შემთხვევაში ასევე იზრდება მწვავე ფსიქოზური სიმპტომების გამოვლენის რისკი. ახალგაზრდებში მისმა ხანგრძლივმა, ყოველდღიურმა მოხმარებამ შესაძლოა მასზე დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს და შფოთვა, დეპრესია თუ ფსიქოზი გამოიწვიოს.
სამეცნიერო სტატიის მოპასუხე კომენტარის ავტორი ამერიკელი დიპაკ სირილ დე სოუზა გახლდათ, იელის საუნივერსიტეტო სამედიცინო სკოლის პროფესორი.
დე სოუზას თქმით, მარიხუანის შემცველი საშუალებები ფარმაკოლოგიური მედიკამენტების მსგავსად, მკაცრი სამეცნიერო სტანდარტებით უნდა იქნეს გამოკვლეული.
კომენტარები