ლონდონში ჰაერის დაბინძურება 36%-ით შემცირდა — ემისიების ახალი კანონის შედეგი
აპრილში ლონდონში განსაკუთრებით დაბალი ემისიების ზონა შეიქმნა, ამ ზონაში გადაადგილებისას მძღოლები ვალდებულები არიან, რომ ემისიების გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილონ, ან ყოველდღიური ჯარიმა გადაიხადონ.
მერიის მიერ მომზადებული მოხსენებით ირკვევა, რომ კანონის მიღების შემდეგ, ყოველდღიურად ამ ზონაში 13 500-ით უფრო ნაკლები ისეთი ავტომობილი გადაადგილდება, რომელიც უახლეს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, შემცირდა საცობების რაოდენობაც.
ახალი შეზღუდვების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე აზოტის დიოქსიდით დაბინძურება 2017 წლიდან დღემდე 36%-ითაა შემცირებული. ლონდონის მერმა ახალი რეგულაცია მას შემდეგ დაამტკიცა, რაც ბავშვებში ქრონიკული დაავადებებისა და ფილტვის პრობლემების შემთხვევებმა მოიმატა.
ახალი შეზღუდვა საკმაოდ რადიკალურია და ის 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. ცვლილებებს მცირე ბიზნესის წარმომადგნელები აკრიტიკებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით გამოწვეული დამატებითი ხარჯები მათზე უარყოფით გავლენას მოახდენს. კრიტიკის მიუხედავად ქალაქის მერია გეგმავს, რომ 2021 წელს აღნიშნული ზონა კიდევ უფრო გაზარდოს და მასში რამდენიმე ახლო გარეუბანიც შეიყვანოს. ინტერნეტში ამის წინააღმდეგ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი 95 000 ადამიანმა მოაწერა. პეტიციის საპასუხოდ მერმა, სადიქ ხანმა განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა, რაც ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.
"მერი დაბინძურების სხვა წყაროების აღმოფხვრაზეც მუშაობს, თუმცა ლონდონში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილებია. სასურველ შედეგს დამაბინძურებელ ავტომობილებთან ბრძოლის გარეშე ვერ მივაღწევთ", — ნათქვამია განცხადებაში.
ლონდონის ცენტრში ავტომობილებისთვის რამდენიმე ტიპის გადასახადი მოქმედებს. მაგალითად, დილის 07:00-დან 19:00-მდე ქალაქის ცენტრში გადასაადგილებლად მძღოლებმა ყოველდღიურად დაახლოებით $15 უნდა გადაიხადონ. ამას კი ახლი კანონით დაბალი ემისიების გადასახადიც დაემატა, თუ თქვენი ავტომობილი ზონის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს $15-ის გარდა დამატებით, ყოველდღიურად, დაახლოებით $16-ის გადახდაც მოგიწევთ.
კომენტარები