მიზოფონია — როდესაც ყოველდღიურობის ხმებს ჭკუიდან გადაჰყავხარ
მიზოფონიის სახელით ცნობილი ამ იშვიათი აშლილობის მქონე ადამიანებში იმ ტიპის ხმებს, როგორებიცაა ხმამაღლა ჭამა, სითხის ხრუპვა, ენის წკლაპუნი, კაკუნი თუ ტკაცუნი, რისხვის ან პანიკის გამოწვევა შეუძლია.
18 წლის პიცბურგელი სკოლის მოსწავლისთვის, ელი რაპისთვის სადილობისას ოჯახის წევრების ჭამის ხმა აუტანელი მოსასმენია. "ამ დროს ჩემი გული სწრაფად იწყებს ცემას. მერე ან ტირილი მიტყდება ან ძლიერი ბრაზი მიტანს. ორივე შემთხვევაში ემოცია საოცრად ინტენსიურია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცოტაც და მოვკვდები", - ამბობს ის.
რაპს გარკვეულ ხმებზე მსგავსი რეაქციები პატარაობიდანვე ჰქონდა. ის იხსენებს, საბავშვო ბაღიდან სახლამდე მგზავრობისას როგორ აუწია დედამისმა მანქანაში რადიოს და როგორ აჰყვა სიმღერას. ამის გაგონებაზე რაპს ისტერიული ტირილი დაეწყო. "ეს ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებაა", - ამბობს ის, - "წლების განმავლობაში ჩემს ამ რეაქციებს ახსნას ვერავინ უძებნიდა. მე კი მეგონა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი".
რაპმა მხოლოდ დაწყებითი კლასების დასრულების მერე აღმოაჩინა, რომ მის მდგომარეობას სახელი ჰქონდა. დედამისი, კეისი რაპი, წლები ეძებდა რაიმე ხელჩასაჭიდს შვილის დასახმარებლად. ერთხელაც ის ინტერნეტში გადააწყდა სტატიას მდგომარეობის შესახებ, რომელსაც მიზოფონია ერქვა. "სტატია რომ წავიკითხე, მივხვდი, ეს სწორედ ის იყო, რაც მე მჭირდა", - ამბობს ელი რაპი.
მიზოფონიას, რომლის გამომწვევი მიზეზებიც ჯერ უცნობია, სპეციფიკური ხმების მიმართ რისხვის ან შიშის მსგავსი დაძაბული ემოციური რეაქცია ახასიათებს. როგორც წესი, ეს ის ხმებია, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიური საქმიანობების შესრულებისას გამოსცემენ.
ამ კონდიციის მქონე პირებისთვის პირით გამოცემული ხმები გავრცელებული გამღიზიანებელი ფაქტორია. "ღეჭვა ლამის ყველა მათგანზე მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვის ხმა უნივერსალური გამღიზიანებელია. მათ ასევე არ სიამოვნებთ ყელის ჩაწმენდის, ხველების, ხმამაღლა სუნთქვის და ცხვირის მოხოცვის ხმები. თუმცა სია ამით არ სრულდება", - ამბობს ჯოლინ ჯაფი, ფსიქოთერაპევტი ლოს-ანჯელესიდან, რომელიც მიზოფონიას შეისწავლის და ელი რაპთან მუშაობს.
ზოგ ადამიანში ნეგატიური რეაქცია ღეჭვის პროცესის დანახვამ ან სპეციფიკურმა სუნმაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ხმებს შორის ზუზუნი, წკაპუნი და კაკუნი ასევე ხშირი გამღიზიანებლებია. "თითქოს, თავდაცვაზე მომუშავე ტვინის ნაწილი ამ ხმებს თავდასხმად ან საფრთხედ აღიქვამს", - აღნიშანვს ჯაფი.
მიზოფონია მეტწილად შეუსწავლელი დაავადებაა, რომელსაც სახელი სულ რამდენიმე წლის წინ ეწოდა. ის ოფიციალურ დაავადებათა მრავალ სიაშიც არაა შეტანილი და არც სამედიცინო სახელმძღვანელოებში მოიხსენიება. ექიმების ნაწილს არც კი სმენია მის შესახებ. ამის გამო მიზოფონიის სიმპტომების მქონე პაციენტებს ხშირად ან საერთოდ არ მკურნალობენ ან მცდარ - გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობის დიაგნოზს უსვამენ.
მიზოფონიით დაავადებულ ადამიანთა ნაწილს დეპრესია და შფოთვაც აწუხებს, თუმცა ამას ყველაზე ვერ ვიტყვით. ამ დაავადებაზე ჩატარებული კვლევები ცოტაა, ამიტომ ექსპერტები ვერ თანხმდებიან, მიზოფონია განცალკევებულ აშლილობად უნდა კლასიფიცირდეს, თუ - რაიმე სხვა დაავადების ნაწილად.
რადგან მიზოფონიის შესახებ ცნობები ასე მცირეა, ამ კონდიციით გატანჯული ადამიანების ახლობლებს იმის დაჯერება ან გააზრება უჭირთ, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომელმაც მიზოფონიის მოქმედების უკეთ გაგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კვლევის თანაავტორი, ფილიპ განდერი, რომელიც აიოვას უნივერსიტეტში ხმების ტვინზე მოქმედების მექანიზმებს შეისწავლის, აღნიშნავს: "დარწმუნებულები ვართ, იმის დამაჯერებელ მტკიცებულებებს მივაგენით, რომ ეს აშლილობა ტვინის გარკვეული ნაწილების აქტივობასთანაა დაკავშირებული". 2017 წელს მეცნიერულ ჟურნალში, Current Biology-ში გამოაქვეყნებული ეს კვლევა ამტკიცებს, რომ მიზოფონიის მქონე ადამიანების ტვინი გარკვეულ ხმებზე განსხვავებულად რეაგირებს.
კვლევაზე მომუშავე გუნდი მიზოფონით დაავადებულ ოც და ოცდაორ ჯანმრთელ ადამიანს დააკვირდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა ხმა იმის მიხედვით უნდა შეეფასებინათ, თუ რამდენად უსიამოვნოდ ჩათვლიდნენ მათ მოსმენას. შერჩეულ ხმებში შედიოდა გავრცელებულ გამღიზიანებლად მიჩნეული ჭამის და სუთქვის ხმები, უნივერსალურად არასასიამოვნოდ მიჩნეული დაფაზე ფრჩხილების ჩამოსმის ხმა და ნეიტრალურად მიჩნეული ნაბიჯების ხმა თუ ჩიტების ჭიკჭიკი.
"ნეიტრალურ და ნეგატიურ ხმებზე საპასუხო რეაქცია ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო", - აღნიშნავს განდერი. მაგრამ მიზოფონიის მქონე მონაწილეებისთვის ჭამის და სუნთქვის ხმა განსაკუთრებით შემაწუხებელი აღმოჩნდა, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის წევრებს დისკომფორტი არ უგრძვნიათ.
ამასთან, მიზოფონიის მქონე მონაწილეებში ამ ხმების მოსმენამ სტრესის კლასიკური ნიშნები გამოიწვია: "მათი გულისცემა ასწრაფდა და ხელისგულები ჩვეულებრივზე მეტად გაუოფლიანდათ", - ამბობს განდერი. და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გამღიზიანებელი ხმების მოსმენისას მათი ტვინების რამდენიმე ნაწილში უჩვეულო აქტივობები აღინიშნა. ამ ნაწილთაგან ზოგიერთი ემოციების პროცესირებაზეა პასუხისმგებელი.
ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, აფექტური აშლილობის სპეციალისტი, სტივენ ტეილორი ამ კვლევას საგულისხმოდ მიიჩნევს. მაგრამ ის ასევე აღნიშნავს, რომ მის მეთოდოლოგიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს: კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, მიზოფონიის დიაგნოზი კი მონაწილეებში მხოლოდ მოკლე კითხვარის შევსების საფუძველზე დაისვა. "ისეთი კლინიკური მდგომარეობების კვლევისას, როგორიც მიზოფონიაა, დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ კითხვარის გამოყენება, როგორც წესი, საკმარისი არაა ხოლმე; საჭიროა, რომ მონაწილეს სფეროს სპეციალისტი - ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგი - გაესაუბროს", - აღნიშნავს ტეილორი. კვლევაში არც მიზოფონიის გამოწვევის შესაძლო მიზეზებია განხილული; შედეგები მხოლოდ ამ დაავადების ტვინის გარკვეულ რეგიონებთან კავშირზე მიანიშნებს, - ამატებს ის.
განდერი თავადაც აღიარებს, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. "თუმცა ეს კვლევა დაგვეხმარა, ამოგვეცნო ტვინის ის რეგიონები, რომლებზეც მომავალი დაკვირვებები უნდა ჩატარდეს", - ამბობს ის.
ჩამოთვლილ შეზღუდვათა მიუხედავად, კვლევა მიზოფონიით დაავადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. "ეს ფენომენალური კვლევა გახლავთ. პირველად ჩატარდა ისეთი სამუშაო, რომელმაც მიზოფონიის დიაგნოზის მქონე პირებს დაანახა, რომ ის, რაც მათ ჭირთ, რეალური კონდიციაა", - აღნიშნავს მარშა ჯონსონი, მიზოფონიაზე მომუშავე აუდიოლოგი პორტლენდიდან.
ჯონსონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიზოფონია დაავადებად აღიარა. რამდენიმე ახალგაზრდა პაციენტთან მუშაობის დროს ის მიხვდა, რომ მათი სიმპტომების გამომწვევად ვერც სმენითი აშლილობა ჩაითვლებოდა და ვერც - ფსიქოლოგიური პრობლემები. "ამ სიმპტომების მქონე პაციენტები, უმეტესწილად გოგოები, სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ცვლილებები 7-8 წლიდან 13-14 წლამდე ასაკში დაეწყოთ", - ამბობს ჯონსონი. მათ რეაქციებს, ძირითადად, ოჯახის წევრების მიერ გამოცემული ხმები იწვევდა.
ჯერ კიდევ 1999 წელს სწორედ ჯონსონმა უწოდა ამ დაავადებას შერჩევით ხმებზე მგრძნობელობის სინდრომი. ხოლო 2001 წელს მეცნიერებმა, რომლებმაც ხმების მიმართ დაბალი ტოლერანტობის სიმპტომების აღმწერი ნაშრომი გამოაქვეყნეს, ამ დაავადებას უფრო მჟღერი სახელი, მიზოფონია შეურჩიეს.
მიზოფონია ხმის სიძულვილს ნიშნავს, რაც, როგორც ჯონსონი აღნიშნავს, ტექნიკურად ზუსტი განმარტება არ არის. მისი თქმით, "მიზოფონიის დიაგნოზის მქონე ადამიანებს არ სძულთ ხმა, ისინი მხოლოდ გარკვეულ ხმებს ვერ იტანენ".
მიზოფონიაზე ყურადღების მისაპყრობად ჯონსონმა კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლები და ონლაინ ჯგუფებში ამ თემის განხილვა დაიწყო. ამ აქტივობებს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. მან დააფუძნა სპეციალისტთა ქსელი, რომელიც მიზოფონიის მქონე პაციენტებს ეხმარება. ამ გუნდის წევრია თერაპევტი ჯოლინ ჯაფიც.
თუმცა მიზოფონია, როგორც სპეციფიკური აშლილობა, მსოფლიო მასშტაბით ჯერ კიდევ არაა აღიარებული. ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვებ-გვერდზე მიზოფონია იშვიათ ქრონიკულ აშლილობათა სიაშია შეყვანილი (თუმცა ჯაფი და ჯონსონი თვლიან, რომ მიზოფონიის მქონე ადამიანებს ხშირად მცდარი დიაგნოზი ესმევათ და, სინამდვილეში, ეს კონდიცია არცთუ ისე იშვიათია). აი, ფსიქიკურ დაავადებათა ბიბლიად მიჩნეულ DSM-5-ში კი მიზოფონია საერთოდ არ არის მოხსენიებული. ამის გამო ექიმებს კიდევ უფრო უძნელდებათ მიზოფონიის დიაგნოზის დასმა, სადაზღვევო კომპანიები კი უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობის ხარჯების დაფარვაზე უარს აცხადებენ.
"მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთლიანი სფერო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია", - განმარტავს ჯონსონი. ამასთან, არ არსებობს მიზოფონიის მკურნალობის უტყუარი მეთოდი. მიუხედავად ამისა, არსებობს სტრატეგიები, რომლებიც დაავადებულ ადამიანებს შემოტევებთან გამკლავებაში შეიძლება დაეხმაროს. გამღიზიანებელი ხმიდან ყურადღების გადატანა სხვა ხმის მოსმენით, ხმაგაუმტარი ყურსასმენებით, მშვიდი და თანაბარი სუნთქვით ან სულაც მცირე დროით ფეხით გასეირნებითაა შესაძლებელი. ზოგიერთ ადამიანს კი ანტიდეპრესანტები ან ვარჯიში ეხმარება.
ელი რაპს სკოლასა და სახლში მიზოფონიასთან გამკლავებაში ხმის დამხშობი ყურსასმენები და ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეხედვა დაეხმარა. "შეიძლება ითქვას, რომ ადრე მიზოფონია განსაზღვრავდა იმას, თუ ვინ ვიყავი; მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რომ ის მხოლოდ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია", - ამბობს ელი. ის სკოლას გაზაფხულზე ამთავრებს და უნივერსიტეტში კოგნიტური მეცნიერებების შესწავლას გეგმავს: "ფაქტობრივად, მინდა, ექიმი ჯაფი გამოვიდე; ავიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი და მიზოფონიის განკურნებაზე ვიმუშაო".
ელი რაპის დედა, კეისი, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიზოფონიის მქონე ადამიანისთვის ოჯახის წევრების მხარდაჭერა. ის და მისი ქალიშვილი კონფერენციებზე ხშირად შეხვედრიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაუცხოებისა და სასოწარკვეთის გრძნობებით იტანჯებოდნენ, რადგან ოჯახის წევრებს მათი არ სჯეროდათ. "ფანტასტიკურად კი ჟღერს, მაგრამ ეს დაავადება ძალიანაც რეალურია. ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა კი, ვფიქრობ, ამ კონდიციის მქონე ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრების ქონაში ყველაზე მეტად დაეხმარება", - ამბობს ის.
კომენტარები