ჩვენი ყანჩელი
"მე გახლავართ გია ყანჩელი, მუსიკოსი... ძალიან მეუხერხულება ხოლმე ვთქვა, რომ ვარ კომპოზიტორი, ვინაიდან ეს გაირკვევა, დაახლოებით, ნახევარი საუკუნის მერე".
2016 წელს, გია ყანჩელის 80 წლის იუბილეზე თბილისში კონცერტი გაიმართა. საღამოს "ჩვენი ყანჩელი" უწოდეს. ფრაზა, რომელიც, ერთი შეხედვით, ეგოისტურად ჟღერს, ზუსტად ასახავს ქართველი მსმენელის გრძნობებს. მართალია, მთელ მსოფლიოს ვუყოფდით, მაგრამ გვინდოდა ყველას სცოდნოდა, რომ გია ყანჩელი ქართველია, ჩვენია.
ამ ღონისძიებაზე ყანჩელმა დარბაზში მყოფ მისი ასაკის მსმენელს მიმართა:
"მინდა ყველას გისურვოთ, რომ იფიქროთ, თითქოს მხოლოდ ნახევარი ცხოვრების გზა გაიარეთ".
ალბათ, თვითონაც ამას ფიქრობდა და დიდი გეგმებიც ჰქონდა. შესაძლოა, მისი "ნოტების რვეულში" ახალი სიმფონიები იწერებოდა, რომელიც მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააოცებდა, თუმცა არ დასცალდა. ის 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყანჩელმა თავისთავად დატოვა კვალი როგორც ქართულ, ისე მსოფლიო მუსიკაზე. მაგრამ დიდი კვალი დატოვა ქართველ მსმენელზე, გულშემატკივრებზე, მეგობრებზე, ქართულ აქტივიზმსა და ზოგადად, საქართველოზე.
მაესტროს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. როგორც ადრე იმედთან ინტერვიუში აღნიშნა, ეს მისი საყვარელი ადგილია თბილისში, სადაც ყოველი მესამე მისი ახლობელია. ყველასგან განსხვავებით, მას არა ცრემლებით, არამედ ყვითელი ფოთლებით ემშვიდობებიან.
ყანჩელთან დამშვიდობება ძალიან გაუჭირდათ ახლო მეგობრებს. ათეულობით წლის ურთიერთობა და ემოციები მათ რამდენიმე სიტყვაში და ფოტოებში ჩაატიეს.
დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ისევ დაობლდა, ახლა უკვე საბოლოოდ. მისთვის ყანჩელის თითოეული მელოდია დეენემის შემადგენელ ნაწილად აღიქმება.
"მის გარეშე ვერც ერთი დღე ვერ მახსენდება და ვერც ერთი მომენტი... ჩემთვის ძალიან ბევრი რამე ეძღვნებოდა მას. ყოველთვის სწორება მქონდა, რომ რასაც გავაკეთებდი, მოსწონებოდა. მიხაროდა, როდესაც ის გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას. არასდროს დაენანებოდა სიტყვები".
ნატო მეტონიძეს და ლიზა ბაგრატიონს, რომლებიც არამხოლოდ მეგობრები, არამედ, ფაქტობრივად, ყანჩელის მუსიკის სახე არიან, საუბარი უჭირთ. მეტონიძე კომპოზიტორს ძალიან კარგ ზღაპარს უწოდებს, რომელსაც თავისთვის დაიტოვებს.
"სიმღერა ქარი ქრის, რომელსაც მე ვასრულებ თავის ქალიშვილს მიუძღვნა. ამ სიმღერაზე მითხრა იცოდე, რომ ისე ასრულებ, როგორც მე დავწერეო. ამაზე დიდი კომპლიმენტი არ ვიცი რა არის" — იხსენებს მეტონიძე.
"მის შემოქმედებასთან ყოველი შეხება არის ის მომენტები, ის წუთები, ის სათები, რისთვისაც ღირს ცხოვრება. მე ვუსამძიმრებ მთელს ჩემს ქვეყანას, ჩემს ერს, ჩემს ხალხს. მიუხედავად ყველაფრისა ჩემთვის ის მოვლენაა, რომლისთვისაც მომზადება და შეგუება აღმოჩნდა შეუძლებელი", — ამბობს ბაგრატიონი.
საუბარი უჭირს რეჟისორ რობერტ სტურუასაც. მეტიც მიაჩნია, რომ ასეთ მომენტებში საუბარი უზნეობაა, თუმცა მაინც იხსენებს ათეულობით წელს, რომელიც ერთად გაატარეს.
"რა უნდა ვთქვა... ერთად მოვიყვანეთ ცოლები, ერთად წავედით საქორწინო მოგზაურობაში... ღმერთმა აჩუქა ძალიან ბევრი რამ, ნიჭი, სიკეთე, ადამიანური თვისებები. მეც გადმომწვებოდა მისი სიკეთე.
უნდა ვთქვა ეს, რუსთაველის სახის შექმნაში. აი, იმ სახის, რომელმაც ასე დიდი წარმატება მოუტანა თეატრს და მსოფლიოს საუკეთესო თეატრების რიგში ჩაიწერა, რასაკვირველია, გია ყანჩელს უდიდესი როლი მიუძღვის. მე ვიტყოდი, შეიძლება, ჩემზე მეტი".
ნანი ბრეგვაძისთვის მაესტრო არაორდინალურ კაცად დარჩა, რომლის მუსიკაში "დიდი სიღრმე და მუსიკალობა იყო".
"ძალიან დიდი პიროვნება იყო. არავინ იცის ჩუმად რამდენ სიკეთეს აკეთებდა და როგორ ეხმარებოდა თავის მეგობრებს და თავის ხალხს", — ამბობს ის.
რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებებში კი ყანჩელი მუსიკისთვის "შეწირულად" და "გაუცინარ ხელმწიფედ" დარჩება.
"მისი ბედისწერა იყო. უნდა ყოფილიყო მუსიკოსი. სხვანაირად მართლა ვერ წარმოიდგენ, იმდენად მისი სამყარო იყო ეს", — ამბობს ის.
ბოლო წლები, როცა ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა ის ღოღობერიძესთან ახალ ფილმზე თანამშრომლობდა.
"ჯერ მოლაპარაკებაც არ მქონდა დაწყებული, როცა გიას დაემართა შეტევა. ამ დროს ეგონათ ხოლმე რომ მიდიოდა ამ ქვეყნიდან, თუმცა ბრუნდებოდა. დამირეკა ამის მერე და მითხრა, შენ ნუ გეშინია, მე გადაწყვეტილი მაქვს სანამ შენი ფილმის მუსიკას არ დავწერ, არ წავალ იქითო".
სიტყვა შეასრულა. მუსიკის დაწერა მოასწრო. TV პირველის ეთერში გავიდა ღოღობერიძის ახალი ფილმის ჯერ კიდევ უცნობი კადრები, რომელიც ყანჩელის მიერაა გაფორმებული.
ამ ფილმის გარდა, ყანჩელმა ბოლო პერიოდში რამდენიმე ნაწარმოებზე იმუშავა. ერთ-ერთია Middelheim. ნაწარმოებს იმ ქუჩის სახელი ჰქვია, სადაც ყანჩელი მკურნალობდა. მან ეს კომპოზიცია საავადმყოფოს პერსონალს მიუძღვნა, რომელმაც, როგორც ამბობდა არაერთხელ გადაარჩინა.
ეს კომპოზიცია საქართველოში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით შესრულდა.
"ჩემთვის ძალიან დიდი სევდის მომგვრელი და ამავდროულად, უდიდესი მადლიერების შეგრძნებაა, რომ მისი დაწერილი უკანასკნელი ნაწარმოებების პრემიერა ჩემი დირიჟორობით შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო მას არსებობისთვის და მისი შექმნილი მუსიკისთვის", — წერს სოლომნიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ყანჩელის სამყარო კლასიკური მუსიკა იყო ის, ზოგადად, მუსიკას სცემდა პატივს. ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა ერეკლე დეისაძის მიერ მის მუსიკაზე შექმნილი ახალი კლიპი არ გააპროტესტა. პირიქით, როგორც გურამ რჩეულიშვილი ამბობს, ფაქტობრივად, "კურთხევა მისცა", როცა შეუთვალა, რომ კლიპზე მისი სახელი მიეწერათ.
"ეს ვიდეო რომ გადავიღეთ, თავიდან ყველა ვნერვიულობდით იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა გიას, მეგობრები გვეუბნებოდნენ რომ ძალიან "ეწყინებაო" და მოგახსნევინებთო! არადა, გია იმაზე ბევრად "წინ" იყო ვიდრე ახალგაზრდებს გვეგონა... Rest In Peace (მშვიდად განისვენე) ქართა ველის ვარსკვალავო", — წერს რჩეულიშვილი.
ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი ნიკა მაჩაიძე ამბობს, რომ ყანჩელისგან მცირე დროში ბევრი რამ ისწავლა. მისთვის, ყანჩელთან ერთად არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთოდ მუსიკაში დასრულდა ეპოქა.
კომპოზიტორი, რომელიც სიჩუმეში ხედავდა ხელოვნებას, საკმაოდ ხმამაღალი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვისას. 20 ივნისის მოვლენების დროს ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ყანჩელი საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა ტელეკომპანია პირველს და რუსთაველზე მიმდინარე სამოქალაქო პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა. ყანჩელის რეაქცია ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ბევრმა არ იცოდა როგორ არ უყვარდა რუსული პოლიტიკა კაცს, რომელმაც ცხოვრების ნახევარზე მეტი საბჭოთა კავშირში იცხოვრა.
"მისი სამოქალაქო პოზიციები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში და ამიტომ ერთხელ ვკითხე კიდეც ამაზე. უკანასკნელი 25 წელიწადი მეტწილად საქართველოს ფარგლებს გარეთ გავატარე და ამიტომაც ვიკავებ თავს საჯარო დისკუსიებისა და კოლექტიური მიმართვებისგანო. მიუხედავად ამისა, კრიტიკულ მომენტებში ის მაინც ამბობდა სათქმელს — ერთდროულად მოზომილობით და პრინციპულობით, კორექტულობით და მომავალზე ორიენტაციით...
მაესტრო მუდამ თავისუფალი ადამიანი იყო, ასე აღიქვამდა სამყაროსაც და მომავალსაც ოპტიმიზმით უყურებდა. ამბობდა საქართველო კი არ დამთავრდა, ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყოო, — წერს მისი მეგობარი მამუკა კუდავა.
მაესტროს მუსიკა აუცილებლად გაუძლებს წლებს, რადგან ის ისმის ყველგან, მათ შორის იქაც, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან.
"როდესაც მე ვმუშაობ კინომატოგრაფთან, მე წარმოვადგენ ერთ-ერთ დამხმარე ძალას, ვაკეთებ იმას, რაც მათ სურთ. როდესაც მე ვწერ ჩემს სიმფონიას, იქ მე ვარ რეჟისორიც, ლიბრეტისტი, სცენარის ავტორი, მხატვარი, ქორეოგრაფი და მოქანდაკე. ცოტა კი მეუხერხულება, მაგრამ... მე ვქმნი ჩემს თეატრს", — გია ყანჩელი.
ამავე თემაზე:
- თბილისობის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება
- 10 გამორჩეული ფილმი გია ყანჩელის კომპოზიტორობით
- დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს — აშშ-ს საელჩო ყანჩელის გარდაცვალებაზე
სტატიაში გამოყენებულია ტელეკომპანია პირველის, რუსთავი 2-ის, იმედისა და ერთსულოვნების რესპოდენტების კომენტარები.
კომენტარები