NASA მთვარეზე დამშვები აპარატების კონკურსს აცხადებს, ბოლო ვადა — 1 ნოემბერი
ნასა ახლა უკვე ოფიციალურად იღებს შემოთავაზებებს მთვარის დამშვები მოდულის შექმნის შესახებ, რომელიც მთვარის ორბიტიდან მის ზედაპირზე ადამიანებს დასვამს.
მთვარეზე დასაშვები მოდული, რომელსაც ეკიპაჟის გადაყვანა შეეძლება, ნასას Artemis-ის პროგრამის კრიტიკული კომპონენტია. როგორც იცით, Artemis ნასას ახალი მისიაა, რომელიც მთვარის ზედაპირზე მომდევნო 4 წელიწადში ადამიანების გაგზავნას ითვალისწინებს.
დამშვები მოდულები იმ დროისთვის მთვარის ორბიტაზე არსებულ სადგურზე, Gateway-ზე იქნებიან განთავსებული. დედამიწიდან მთვარემდე კი მათი გაყვანა ნასას რაკეტით — Space Launch System-ით მოხდება, რომელზეც ნასა ამჟამად მუშაობს.
NASA-ს სურს, რომ მთვარის მოდული სამი კომპონენტისგან შედგებოდეს. პირველი კომპონენტი მოდულის მთვარის ზედაპირზე დაშვებაზე იქნება პასუხისმგებელი. მეორე კომპონენტს მთვარის ზედაპირიდან აფრენა ევალება. მესამე კომპონენტი კი ერთგვარი ბუქსირია, რომელიც დანარჩენ ორ კომპონენტს Gateway-დან მთვარის იმ ორბიტაზე გადაიყვანს, საიდანაც დაშვება განხორციელდება. უკან დაბრუნებისას კი პირიქით, ის მოდულს Gateway-მდე მოიყვანს.
შეთავაზებისას კომპანიებმა ასევე უნდა დააკონკრეტონ, თუ როგორ მიიყვანენ საკუთარ მოდულს დედამიწიდან Gateway-მდე, მაგალითად, იქნება ეს SpaceX-ის Falcon Heavy, Blue Origin-ის New Glenn, თუ NASA-ს Space Launch System, რომელმაც პირველი ფრენა 2021 წელს უნდა განახორციელოს.
მიღებული შეთავაზებებიდან NASA ორ კომპანიას აარჩევს, თითოეული მათგანი ნასასთვის ერთ მოდულს დაამზადებს. ერთ-ერთი კომპანიის მოდულს მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაშვება 2024 წლისთვის დაევალება, მეორე კომპანიის მოდულს კი 2025 წლისთვის. ამ ეტაპზე, ნასა არ გეგმავს, რომ ეკიპაჟით ფრენამდე მოდულებით საცდელი დაშვებები განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ მისია Artemis ბევრად უფრო დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე ნასას სხვა პროექტები. ამის მიზეზი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის დავალებაა, რომ ნასამ მთვარეზე ადამიანები ოთხ წელიწადში უნდა გაგზავნოს.
ეს გეგმა საკმაოდ ამბიციურია და მოახერხებს თუ არა მის შესრულებას აშშ-ს კოსმოსური სააგენტო, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ამავე თემაზე:
კომენტარები