ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ემპათიას საქმეზე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიწვევას ითხოვს. სამადაშვილის თქმით, ცენტრზე ადმინისტრაციული ზეწოლა ხორციელდება მას შემდეგ, რაც მათ 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებს დახმარება შესთავაზეს.

"თქვენმა ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოუცხადა ომი. მიუგზავნა კომისია და ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციას წაართვას ლიცენზია", — აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

ცენტრმა ემპათიამ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრო ზეწოლაში დაადანაშაულა. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები სასამართლო ექსპერტიზების ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო მათ დაჯარიმებას აპირებდნენ. როგორც ცენტრში აცხადებენ, რეგულირების სააგენტო მათთან შეთანმებისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე ხელმძღვანელის მივლინების დროს, 20 აგვისტოს მივიდა.

ემპათიაში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე რეგულირების სააგენტომ შესვლის ბრძანება და ოქმი ვერ წარადგინა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაუგებარი იყო ცენტრის მაქსიმალური დაჯარიმების მოთხოვნაც. ორგანიზაციაში ლიცენზირების პირობების დარღვევას უარყოფენ.

"აღნიშნულ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ცენტრი ემპათიისადმი მოტივირებულ დევნა-შევიწროებას, ვინაიდან რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დანაყოფად გამოყენების მოტივაცია, ვფიქრობთ, სხვაგან უნდა გადაწყვეტილიყო", — აღნიშნულია განცხადებაში.