პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ ანტიამერიკული და პრორუსული გზავნილები აშშ-ს საელჩოს შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაავრცელა.

მისი თქმით, ბრალდებები, რომ აქცია ანტიამერიკული იყო, არასწორია. მან ქართული ოცნების დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებაც გააკრიტიკა, რომელმაც პატრიოტთა ალიანსის აქციას "დესტრუქციული" უწოდა.

"პირველი ჩვენი მკაფიო გზავნილი, რომელიც იქ გაჟღერდა, დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ, სადაც დგანან მკვლელები მწვალებლები, მავნებლები და პროვოკატორები, სააკაშვილისა და ბოკერიას სახით, შეწყვიტეთ მათი მფარველობა და მათი არასამთავრობოების ფინანსური დახმარება, სად არის აქ ანტიამერიკანიზმი?", — იკითხა ადა მარშანიამ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობას და მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე მყოფი სტუმრები გააკრიტიკა, მათ შორის მეთიუ ბრაიზა და დეივიდ კრამერი. მან პრორუსული განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დებატები ნატოში შესვლის ფორმაზე, არის არაფრისმომცემი და სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები პარლამენტში პრორუსულ გზავნილებს ავრცელებენ. ისინი უარყოფენ, რომ ანტიდასავლურ განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა რუს დეპუტატებს მოსკოვში ხვდებიან და დასავლურ ინსტიტუტებსაც აკრიტიკებენ.

5 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თბილისში ანტიდასავლური, ანტიამერიკული აქცია გამართა. საელჩოს სიახლოვეს გაძლიერებული იყო დაცვა, ეზოს გასწვრივ კი პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული.

პატრიოტთა ალიანსის წევრები სიტყვით გამოსვლისას აჟღერებდნენ ანტიდასავლურ მესიჯებს და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვეს. მათი მოთხოვნა უკავშირდება რამდენიმე დღის წინ სასტუმრო რუმსში კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ირმა ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა, ამას კი დაპირისპირება მოჰყვა.

10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის დაუპატიჟებლად მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. კონფერენციის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც. ინაშვილმა თქვა, რომ წინა დღეს ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა. სტუმრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის ქმედება მიუღებელი იყო.

დაპირისპირების შემდეგ ირმა ინაშვილი სიტყვით მაინც გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, მისი პარტია პროდასავლური აზროვნებისაა. გარდა ამისა, მან დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრამერის სიას მოამზადებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. მისივე თქმით, ამავე სიაში შევა მეთიუ ბრაიზა, რომელიც ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია.

თავის მხრივ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბოდიში თავად უნდა მოიხადოს:

"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა", — ამბობს მეთიუ ბრაიზა ტელეკომპანია მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.

მეთიუ ბრაიზას განცხადებას ირმა ინაშვილი სიცრუეს უწოდებს და ცილისწამებაში ადანაშაულებს. პატრიოტთა ალიანსმა მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერს პროკურატურაში უჩივლა.