თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ხვალ, 12 სექტემბერს ანაკლიაში დაფუძნდება. მათივე ცნობით, ხვალ ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები.

"ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს", — ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც "ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება".

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.