საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათი ნებართვის გარეშე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას ტელეკომპანია კავკასიაში სტუმრობაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. ამის შესახებ უწყებიდან On.ge-ს აცნობეს.

"საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", — აღნიშნეს პრესსამსახურში.

დღეს, 10 სექტემბერს ნიკა მელია ტელეკომპანია კავკასიაში მივიდა. მისი თქმით, მათ ითხოვეს პროკურატურიდან ნებართვა, თუმცა უარი მიიღეს.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა და სახლიდან გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდება. მას ბრალი აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენეს.