ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული ბრალდებებისა, ვუდი ალენის უდანაშაულობის სჯერა და მასთან ნებისმიერ დროს იმუშავებდა. ამერიკელი რეჟისორი სექსუალურ ძალადობაში საკუთარმა შვილმა დაადანაშაულა.

Hollywood Reporter-თან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა იოჰანსონს ალენზე ჰკითხა. მსახიობს ვუდი ალენის სამ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული — Match Point, Scoop და Vicky Cristina Barcelona.

"მიყვარს ვუდი და მისი მჯერა. მასთან ნებისმიერ დროს ვიმუშავებდი. მას ხშირად ვნახულობ და ამ თემაზე პირდაპირ ვესაუბრები და ისიც პირდაპირ მპასუხობს. მე მჯერა მისი უდანაშაულობის", — თქვა იოჰანსონმა.

2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდის ფემინისტური მოძრაობის, Time's Up-ის დამფინანსებელია და ამბობს, რომ სხვების დამოკიდებულება და ბრაზი ალენის მიმართ ესმის, რადგან ახლა "ასეთი დროა".

დილანი მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. მისი თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა. ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომლის შედეგადაც 1993 წელს ვუდი ალენს ბავშვთან მიახლოება აუკრძალეს.

იოჰანსონის სიტყვებს დილანი ტვიტერზე გამოეხმაურა:

"თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამე ვისწავლეთ, ისაა, რომ აუცილებლად, უკითხავად უნდა დავუჯეროთ თავდამსმხელ კაცს, რომელიც "უდანაშაულობას ინარჩუნებს". სკარლეტს დიდი დრო სჭირდება იმ პრობლემოს გასააზრებლად, რომელშიც თავს ექსპერტად მიიჩნევს (ბოდიშს ვუხდი, თუ გუგლის ახალი შეტყობინებით შევაწუხე)".

იოჰანსონის გარდა, რეჟისორს მხარდაჭერა გამოუცხადეს ისეთმა მსახიობებმა, როგორებიც არიან ანჯელიკა ჰიუსტონი და ხავიერ ბარდემი. ტიმოთი შალამე, გრეტა გერვინგი და კოლინ ფერტი კი აცხადებენ, რომ რეჟისორთან მუშაობას ნანობენ.

ალენთან 4 ფილმზე მიღწეული შეთანხმება შეწყვიტა ამაზონმაც. რეჟისორი ამჯერად ესპანეთში ახალ ფილმს იღებს, რომელშიც მონაწილეობენ კრისტოფ ვალცი და ჯინა გერშონი. ალენის ახალი ფილმს, A Rainy Day in New York, რომელიც ამაზონმა დაბლოკა, 6 სექტემბრიდან რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ. ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მისი დისტრიბუციის საკითხი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია.

ასევე იხილეთ: