თინეიჯერმა, რომელიც მხოლოდ ჩიფსებს ჭამდა, მხედველობა დაკარგა
ბრიტანელი თინეიჯერი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ჩიფსებს, თეთრ პურს, სასუსნავებსა და სოსისებს ჭამდა, დაბრმავდა.
ექიმებმა გამოავლინეს, რომ მას ვიტამინების სერიოზული ნაკლებობა და კვების უკმარისობით გამოწვეული დაზიანებები აღენიშნებოდა.
თინეიჯერმა ექიმს პირველად 14 წლის ასაკში, დაღლილობისა და თავის შეუძლოდ გრძნობის პრობლემით მიმართა. ამ დროს მას B12 ვიტამინის ნაკლებობა დაუდგინეს და საკვები დანამატები დაუნიშნეს, მიუხედავად ამისა, ის დანიშნულ მკურნალობას არ მიჰყვა და არც რაციონი გაიუმჯობესა. სამი წლის შემდეგ კი ის მხედველობის გაუარესებით ბრისტოლის თვალის ჰოსპიტალში აღმოჩ.
"მისი რაციონი ჩიფსებისგან, თეთრი პურისგან, იშვიათად კი ლორისა და სოსისისგან შედგებოდა. ის ხილსა და ბოსტნეულს არ იღებდა. პაციენტის თქმით, ის გარკვეული სტრუქტურის მქონე საკვებს ვერ ჭამდა. მისი თქმით, ჩიფსები ერთადერთი საკვები იყო, რომლის მიღებაც მას შეეძლო", — აცხადებს ექიმი დენიზ ატანი.
ექიმების თქმით, მას ვიტამინ B12-ის გარდა სპილენძის, სელენიუმისა და D ვიტამინის ნაკლებობაც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ძლიერი კვებითი უკმარისობის მიუხედავად, მისი წონა ნორმის ფარგლებში იყო.
მას პერიფერიული მხედველობა შეუნარჩუნდა, რის გამოც ის დამოუკიდებლად გადაადგილებას კვლავ შეძლებს. თუმცა მას მანქანის ტარება არ შეეძლება. კითხვა, ტელევიზორის ყურება და სახეების გარჩევა კი ძალიან გაურთულდება.
კვების დეფიციტით გამოწვეული ოპტიკური ნეიროპათია საწყის ეტაპზე მკრუნალობას ექვემდებარება. თუმცა, დაგვიანების შემთხვევაში ოპტიკური ნერვის ბოჭკოები იღუპება და მხედველობა სამუდამოდ იკარგება.
ატანის თქმით, მსგავსი შემთხვევები იშვიათია, თუმცა მშობლებს კვების დეფიციტის პოტენციური საფრთხეები კარგად უნდა ესმოდეთ. საჭიროების შემთხვევაში კი პროფესიონალს უნდა მიმართონ.
ის ასევე აცხადებს, რომ ვეგანები ვიტამინ B12-ის ნაკლებობის მომატებული რისკის ქვეშ არიან, რადგან B12-ის მთავარი წყარო ცხოველური პროდუქტებია. ამის ჩასანაცვლებლად ვეგანებს B12-ით გამდიდრებული საკვების მიღება შეუძლიათ.
კომენტარები