რობოტმა პილოტმა ფრენის ლიცენზია მოიპოვა
რობოტმა მფრინავმა პილოტის ლიცენზია მიიღო და პირველი ფრენაც განახორციელა. ტრადიციული ავტოპილოტისგან განსხვავებით, ROBOpilot-ის სისტემა თვითმფრინავს არა პროგრამულად, არამედ ადამიანივით — პედლებითა და ბერკეტებით, ანუ "ხელით" მართავს. რობოტი პილოტის კაბინაში ეკრანებზე არსებულ ინფორმაციასაც კითხულობს.
რობოტს აფრენა, წინასწარ განსაზღვრული გეგმით ფრენა და უკან აეროპორტში დაშვება ადამიანის ჩარევის გარეშეშეუძლია. ROBOpilot თვითმფრინავში ჩასამონტაჟებელი სისტემაა, რაც ნიშნავს, რომ კაბინაში მის მოსათავსებლად პილოტის სავარძლის მოხსნაა საჭირო.
ROBOpilot-მა მსუბუქი თვითმფრინავებისთვის აშშ-ს ავიაციის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული გამოცდა ჩააბარა, პირველი ფრენა კი 9 აგვისტოს იუტაში განხორციელდა.
სისტემა აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანიამ, DZYNE Technologies-მა შექმნა. მისი მიზანია მარტივი მეთოდის შემუშავება, რომლითაც ხომალდების ავტონომიურ სისტემებად გადაკეთება იქნება შესაძლებელი.
მაგალითად, აშშ-ს არმიას სხვადასხვა მიზნისთვის ერთი F-16 გამანადგურებლის ავტონომიურ დრონად გადაკეთება მილიონ დოლარზე მეტი უჯდება. ROBOpilot-ის ჩამონტაჟება და მოხსნა კი ნებისმიერ თვითმფრინავში მარტივად და სწრაფად შეიძლება. ყოველგვარი დამატებითი თანხების გარეშე.
რობოტის შემქმნელები აცხადებენ, რომ სისტემას ტვირთის გადაზიდვისთვის, საშიშ ზონებში ფრენისთვის, ტექნოლოგიების გამოსაცდელად, დაზვერვისა და ზედამხედველობის მიზნებისთვის გამოიყენებენ.
მათი თქმით, რობოტების სანდოობა ჯერ კიდევ მრავალჯერაა გადასამოწმებელი, ამის გამო ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ანდობენ ისინი რობოტებს მზგავრების დამოუკიდებლად გადაყვანას.
კომენტარები