მეცნიერებმა ორი უკანასკნელი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის კვერცხუჯრედები გაანაყოფიერეს
ამჟამად დედამიწაზე მხოლოდ ორი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქაა დარჩენილი, ორივე მათგანი მდედრია. მეცნიერების საერთაშორისო გუნდი კი ცდილობს, რომ ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ეს სახეობა გაქრობას გადაარჩინოს.
რამდენიმე დღის წინ იტალიაში მეცნიერებმა 10-დან 7 კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეძლეს, რომლებიც ორი უკანასკნელი მარტორქიდან წინა კვირას გამოყვეს. სპერმა კი მეცნიერებმა მამრი მარტორქებიდან ჯერ კიდევ მაშინ აიღეს, როდესაც ისინი კვლავ არსებობდნენ.
საქმეში ჩართული ლაბორატორიის დირექტორი ჩეზარე გალის თქმით, მათ იმაზე უკეთეს შედეგს მიაღწიეს, ვიდრე ელოდნენ. თუმცა, ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების კონსერვაციის საკითხში ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია.
"ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ჩვენ კვლავაც არ ვიცით, შევძლებთ თუ არა ემბრიონების მიღებას, მაგრამ განაყოფიერების ეტაპი წარმატებული იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ემბრიონების მიღების რეალური შანსი არსებობს", — აცხადებს პროექტში ჩართული ერთ-ერთი ზოოპარკის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი იან სტეისკალი.
ჩრდილოეთის თეთრი მარტორქები ერთ დროს აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის მდელოებზე დააბიჯებდნენ. სამხრეთის თეთრ მარტორქებთან შედარებით მათ უფრო თმიანი ყურები და პატარა ტანი აქვთ. ზოგი მეცნიერი იმასაც მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა არა სამხრეთის თეთრი მარტორქის ქვესახეობა, არამედ სრულად განცალკევებული სახეობაა.
ცხოველი გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფად მაშინ მოიხსენიება, როდესაც ბუნებაში მხოლოდ რამდენიმე ასეული, ან ათეული ინდივიდია დარჩენილი. ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის შემთხვევაში კი პლანეტაზე მხოლოდ და მხოლოდ ორი ინდივიდი არსებობს — დედა, სახელად ნაჯინი და მისი შვილი ფატუ.
2014 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გაყინული სპერმის საშუალებით ხელოვნური განაყოფიერება ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან არც ნაჯინს და არც ფატუს ემბრიონის ტარება არ შეეძლო.
ბუნებრივი განაყოფიერების შანსი კი გასულ წელს გაქრა, როდესაც უკანასკნელი მამრი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, სახელად სუდანი დაიღუპა. ის ბუნებაში 1975 წელს დაიჭირეს და ჩეხეთის ერთ-ერთ ზოოპარკში გადაიყვანეს. 1960-იან წლებში აფრიკაში 2 000-მდე ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა იყო.
"სუდანის დაღუპვა ყველასათვის ტრაგიკული შემთხვევა იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ სუდანისა და სხვა მამრებისგან მეცნიერებს სპერმა ჰქონდათ შენახული. ახლა ერთადერთი შანსი მდედრებისგან კვერცხუჯრედების მიღება იყო", — განაცხადა ვეტერინარმა სტივენ ნგულუმ.
დარჩენილი მდედრებიდან კვრეცხუჯრედების მოსაპოვებლად ცხოველები ანესთეზიის გამოყენებით უნდა დაეძინებინათ. ამ პროცედურას კი ყოველთვის ახლავს რისკები.
ოპერაციის შედეგად მეცნიერებმა ნაჯინისგან და ფატუსგან ჯამში 10 კვერცხუჯრედი გამოყვეს, რომლებიც სპერმით გასანაყოფიერებლად იტალიაში გაგზავნეს.
პროფესორ გოერიცის თქმით, იდეალური იქნებოდა, რომ ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის დაბადება უახლოეს წლებში შევძლოთ. ამის საშუალებით ახალდაბადებულ მარტორქას ორ მდედრთან ერთად ცხოვრება და მათი ქცევების შესწავლის საშუალება ექნებოდა. თუმცა, ამის განსახორციელებლად სუროგატი დედის მოძებნაა საჭირო. ამისთვის კარგი კანდიდატი, შესაძლოა, სამხრეთის თეთრი მარტორქა იყოს.
გალის თქმით, უცნობია, თუ რამდენი განაყოფიერი კვერცხუჯრედი გადაიქცევა ბლასტოციტად, რაც ემბრიონული განვითარების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს, ეს მომდევნო კვირას გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ წარმატების შემთხვევაშიც კი სუროგატში ემბრიონის ჩანერგვის ტექნიკის დახვეწას და ამ პროცედურის განხორციელებას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.
თუ არც ერთი კვერცხუჯრედი არ გაამართლებს, გალის თქმით, ნაჯინისა და ფატუსგან კვერცხუჯრედების გამოყოფა კიდევ იქნება შესაძლებელი.
"კვერცხუჯრედების განაყოფიერება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო", — აცხადებს ის.
კომენტარები