Thirty Seconds to Mars ამერიკული ბენდია, რომელიც 1998 წელს შეიქმნა. ჯგუფის წევრები ჯარედ და შენონ ლეტო ძმები არიან. შენონი დრამერია, ჯარედი კი ვოკალისტი, რომელიც პოპულარულ სამსახიობო კარიერასაც ითავსებს. მათი პირველი ალბომი, რომელიც ჯგუფის სახელს ატარებდა 2002 წელს გამოვიდა და წარმატების საწინდარიც გახდა. 2013 წლამდე ძმებმა რამდენიმე საკულტო სიმღერა ჩაწერეს და ალბომით Love, Lust, Faith and Dreams მსმენელს 5 წლით დაემშვიდობნენ. 2018 წელს კი ახალი ალბომით America დაუბრუნდნენ და მსოფლიო ტურნე დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოსაც ეწვიენ.

არც ისე ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, Black Sea Arena-ს უკვე არაერთი ლეგენდარული მომღერალი და ჯგუფი ეწვია. ნებისმიერი მუსიკათმცოდნე გეტყვით, რომ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლისა და მათი კონცერტების შედარება ერთმანეთთან არასწორია. მუსიკოსი იმით შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რა ენერგიას დებს, რამდენად კარგად იცნობს კონკრეტული ქვეყნის მსმენელს და რა ემოციებით ტოვებს დარბაზს ხალხი.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Thirty Seconds to Mars-მა ქართულ სცენას ერთ-ერთი საუკეთესო ლაივი აჩუქა. ჯარედ ლეტო მართალი იყო, ეს კონცერტი 10 წლით ადრეც უნდა გამართულიყო.

საათნახევარი მარსზე

როგორც ჩანს, ქართველი მსმენელი მსგავს შედეგს არ ელოდა და კონცერტის ბილეთები სრულად არ გაიყიდა. დარბაზის ზედა იარუსები, პრაქტიკულად, ცარიელი იყო. თუმცა, არც ამას და არც საათნახევრის დაგვიანებით დაწყებულ კონცერტს ხასიათზე არ უმოქმედია.

არენას სტუმრები დარბაზში დამონტაჟებული ეკრანებით გაერთნენ, რომელზეც პერიოდულად სხვადასხვა პირები ჩნდებოდნენ. მსმენელმა ეკრანებით ერთმანეთის გაცნობა გადაწყვიტა, ამიტომ კამერას თავისი ქვეყნის დროშას უჩვენებდა. ასე გავიგეთ, რომ კონცერტს სტუმრობდნენ ამერიკიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთიდანაც.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რუსეთის დროშის ეკრანზე გამოჩენას მაყურებლის ნაწილი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ეკრანი ანტიოკუპაციური ბრძოლის არენად იქცა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ქართველი მსმენელის გულისტკივილს რუსი ტურისტები მეგობრული შეტყობინებით გამოეხმაურნენ და ოვაციებიც დაიმსახურეს.

ამ გზით უცხოელ სტუმრებს ქართული სუფრის მარგალიტი ხინკალი და საფეხბურთო კლუბი ტორპედოც გააცნეს. რაღა თქმა უნდა წლის მთავარი მესიჯი: #SpendYourSummerInGeorgia-ც გამოჩნდა.

გარდა ამისა, მსმენელმა მსოფლიოში თანასწორობის, სიყვარულისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

არენას სტუმრები აზარტში იყვნენ შესული და ყველანაირად ცდილობდნენ კამერის ყურადღება მათი მობილურებისკენ მიექციათ, როცა შუქები ჩაქრა და ტელეფონების ჯარი სცენისკენ შებრუნდა.

"იხტუნეთ" — ეს ჯარედ ლეტოს პირველი სიტყვები იყო, რომელიც დაუყოვნებლივ შესრულდა.

ჯგუფის პირველი კომპოზიცია Up In The Air იყო. იმ მომენტიდან დასასრულამდე არენას მსმენელი ციდან არც დაშვებულა.

მოლოდინები გამართლდა და შესრულდა ფავორიტი ჰიტები: The Kill, Hurricane, This is War, Closer To The Edge. იყო შედარებით ახალი სიმღერებიც, თუმცა არ ყოფილა ერთი კომპოზიციაც კი, რომლის ტექსტი მსმენელმა არ იცოდა. ჯარედთან ერთად მღეროდა ყველა. შეუძლებელიც კი იყო, მხოლოდ მის ხმაზე კონცენტრირება, რადგან Thirty Seconds To Mars უკვე ათასობით წევრისგან შედგებოდა.

მერე რა, თუ ყველას კარგად არ გამოსდიოდა. ჯარედი იმ მომღერლების რიცხვში არ შესულა, ვინც მსმენელის ვოკალურ შესაძლებლობებს ამოწმებდა. ის, უბრალოდ, ენერგიას ითხოვდა და იღებდა კიდეც.

სიმღერის და ცეკვის გარდა კონცერტზე ბურთებითა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საცურაო კამერებით შეგეძლოთ თამაში. Golden Stage-ზე ზღვის სამყაროს ყველაზე საინტერესო წარმომადგენლები ცვიოდა. დროდადრო სცენა თეთრ ბოლში ეხვეოდა, დარბაზი კი თეთრ ლენტებში.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჯგუფის ექსტრავაგანტული ლუქი, რომელიც აბსოლუტურად კონტრასტული იყო. ჯარედი სცენაზე ბრჭყვიალა ფერადი ტანსაცმლით, თეთრი მოსასხამითა და სათვალით წარსდგა. მოგვიანებით კი ქუდი მოირგო, რომელშიც ქართველმა მსმენელმა ყანაში მომუშავე გურულ კაცს შეადარა.

რაც შეეხება შენონს, მას დემნა გვასალიას ჰუდი ეცვა, რაც უნდა ვაღიაროთ, დამატებითი აღფრთოვანების მიზეზი გახდა.

ფოტო: Black Sea Arena / FB

საღამო განსაკუთრებით ემოციური საქართველოს დროშის გამოჩენამ გახადა. ამ ფორმით ჯგუფი პატივს მიაგებს ყველა ქვეყანას, რომელსაც სტუმრობს.

"იცოდეთ, რომ ყველას გაკვირდებით. მაჩვენეთ, რა შეგიძლიათ. ყველაზე შეშლილებს შეგარჩევთ", — ჯარედის ამ სიტყვების შემდეგ დარბაზი სრულად "შეიშალა".

ფოტო: Black Sea Arena / FB

რას იზამს ადამიანი ოცნების ასასრულებლად? — იყვირებს ხმის იოგების დაგლეჯვამდე, იხტუნებს ისე, რომ ყველა წინ მდგომი გადაფაროს, იტირებს ბედნიერებისგან და შემდეგ უბედურებისგანაც, რადგან მას არ აირჩევენ.

ფოტო: Blac Sea Arena / FB

თავდაპირველად მხოლოდ 4-ს გაუმართლა. მათ ჯგუფთან ერთად Rescue Me იმღერეს. მოგვიანებით ჯარედმა სხვებსაც მისცა შანსი. თქვა, რომ ბოლო სიმღერას ასრულებდა და მსმენელს უფრო მეტად უნდა მოენდომებინა, რომ "ყველაზე შეშლილი" აერჩია.

გულშემატკივარს, რომელიც საათნახევრის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდა "მეტი" აღარ შეეძლო, თუმცა ბოლო ენერგია მოიკრიბა და ჯარედის მოსაწონად "გაიგიჟა თავი". ამჯერად სცენაზე რამდენიმე ათეული ადამიანი ავიდა.

შეშლილებს ითხოვდა და მიიღო კიდეც, მსმენელი დაუმორჩილებელი გახდა. დაცვის მცდელობის მიუხედავად რამდენიმე მათგანმა ჯარედთან მიაღწია და ნანატრი რამდენიმეწამიანი ჩახუტებაც ხვდა წილად.

კონცერტის დასრულების შემდეგ ბედნიერის ნაცვლად მოწყენილ სახეებს ნახავდით. დარბაზის დატოვება არავის უნდოდა. ნუგეშად მხოლოდ ის დარჩა, რომ დაბრუნების პირობა დადეს.

ფანებმა დღეების ათვლა დაიწყეს. მერე რა, რომ თარიღი უცნობია.