კონტრაცეპტივებს მენსტრუაციის შესაჩერებლად უფრო და უფრო მეტი ქალი იყენებს. ზოგისთვის ეს გაუსაძლისი ტკივილებისა და ბნელი ფიქრებისგან თავის დაღწევის საშუალებაა. ზოგიერთისთვის კი უბრალოდ კომფორტია, როდესაც იმაზე ფიქრი აღარ გიწევს, შემთხვევით ტამპონი სახლში ხომ არ დაგრჩა.

ფემინიზმის ახალი ტალღის ავტორები და აქტივისტები ქალებს მოუწოდებენ, რომ მენსტრუაციას პოზიტიურად შეხვდნენ. ამის საპირისპიროდ კი რადიკალურ ჟღერს იდეა, რომ ქალების ნაწილს მენსტრუაციაზე უარის თქმა და მისი შეჩერება სურს — მიზანი რომლის მიღწევაც კონტრაცეპტივების გამოყენებითაა შესაძლებელი.

ახლახან ტამპონების გაყიდვები შემცირდა, რაც ქალებში მენსტრუაციის შესაჩერებელი კონტრაცეპტივების გამოყენების გახშირებასთან არის დაკავშირებული. იმ ქალების მეხუთედს, რომელიც კონტრაცეფციულ იმპლანტს იყენებს მენსტრუაცია აღარ აქვს. მსგავსი შედეგი დგება კონტრაცეფციული აბების გამოყენების დროსაც.

შესაძლოა, მენსტრუაციის გარეშე ცხოვრება რევოლუციური იყოს.

"მე აბების მიღება მენსტრუაციის შესაჩერებლად დავიწყე. წლების განმავლობაში ძალიან რთული მენსტრუაციული ციკლი მქონდა, რომლის შემდეგაც ძლიერანემიური ვხდებოდი. მენსტრუაციის არ ქონა შვებაა", — აცხადებს 25 წლის ჯეიმი კენდელი ეგზეტერიდან.

ჯეიმი მარტო არ არის. კემბრიჯში მცხოვრები 25 წლის კატრიონა კლარკმისთვის კონტრაცეპტივების გამოყენებით მენსტრუაციის შეწყვეტა ასევე შვების მომტანი აღმოჩნდა.

"ჩემი მენსტრუაცია განსაკუთრებით შემაწუხებელი არც ყოფილა. უბრალოდ, ეს დისკომფორტი იყო და თუ ჰიგიენური პროდუქტების ფასს გავიხსენებთ, საკმაოდ ძვირი დისკომფორტიც", — აცხადებს ის.

ერთი რამ ცალსახად უნდა აღვნიშნოთ: აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ჯანსაღი და ბუნებრივი პროცესების გარშემო არსებულ სტიგმებთან ბრძოლა და იმის უზრუნველყოფა, რომ მენსტრუაცია ქალებისთვის რაიმე დაბრკოლებას არ ქმნიდეს.

მენსტრუაციის აღქმა, როგორც სხეულის ბუნებრივი მდგომარეობა და მისით სიამაყე ამბის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ტკივილი, ხასიათების ცვლილება (mood swings), შებერილობა და გაღიზიანებული კანია. ბევრი ქალი თავს ''გამომწყვდეულად'' გრძნობს ციკლში, რომელიც უსიამოვნო, არაპროგნოზირებადი და შემაწუხებელი შეიძლება იყოს.

მენსტრუაცია ჰორმონების (ესტროგენისა და პროგესტერონის) გავლენით საშვილოსნოს გარსისა და გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის ჩამოშლის პროცესია. მენსტრუაციის შეწყვეტის შედეგად ორგანიზმში "ნარჩენი" არ რჩება და ის არც "სხეულის გაწმენდისთვის" არის საჭირო. სამაგიეროდ, მენსტრუაციას შეუძლია, რომ ფიზიკური და მენტალური პრობლემები, მათ შორის ენდომეტრიოზი და დეპრესია განსაკუთრებით გაართულოს. ახლახან ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, რომელშიც 7 500 ქალი მონაწილეობდა, 16-64 წლის ასაკის ადამიანების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, 16-24 წლის ასაკის რესპოდენტებში კი პრობლემების მაჩვენებელი 75 პროცენტამდე ადიოდა.

ლონდონის ჰომერტონის უნივერსიტეტის კონსულტანტ-გინეკოლოგის, ჯეინ ტომასის თქმით, ხშირი მენსტრუაცია თანამედროვე ფენომენია: ისტორიის განმავლობაში ქალები საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელოვან პერიოდს ორსულად ატარებდნენ, დანარჩენი პერიოდი კი ბავშვებს რძით კვებავდნენ, რაც თავის მხრივ მენსტრუაციის განახლებას აფერხებდა.

"ქალები, რომლებსაც ხშირი მენსტრუაცია და მხოლოდ რამდენიმე ბავშვი ჰყავდათ, უმცირესობაში იქნებოდნენ", — აცხადებს ის.

თუ ქალებს არ სურთ, რომ მენსტრუაცია ჰქონდეთ, არსებობს თუ არა რაიმე სამედიცინო მიზეზი, რატომაც მენსტრუაციაზე უარის თქმა რეკომენდებული არაა? ამ კითხვაზე მოკლე პასუხი შემდეგია: ასეთი მიზეზი შეიძლება არ არსებობდეს.

ტომასის მოსაზრებით, რეგულარული მენსტრუაცია ქალის ჯანმრთელობაზე მიუთითებს, თუმცა ექიმების სამეფო კოლეჯის ქალთა ჯანმრთელობის კლინიკური დირექტორი ენი კონოლი აცხადებს, რომ მენსტრუაცია სასარგებლო არაფრითაა.

"ქალების 99 პროცენტს მენსტრუაცია არ სჭირდება", — აცხადებს ის.

იმავეს ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროფესორი ჯუდი სტეფენსონიც.

"გარკვეული კუთხით ეს პროცესი დეფექტს ჰგავს, რომელიც ღმერთს გაეპარა... მენსტრუაცია სასარგებლო არაფრითაა. უფრო მეტიც, მისი არარსებობის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევების შემცირება იქნებოდა", — ამბობს ის.

მენსტრუაციის ხელოვნური შეჩერება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთანაა კავშირში, რომლებიც სინთეზური ესტროგენისა და პროგესტერონის საშუალებით ციკლს წყვეტენ. გარდა ორსულობის შანსების გაქრობისა, ასეთ კონტრაცეპტივებს სხვა სახის გავლენაც აქვს — მცირდება სისხლის გამოყოფა, ზოგჯერ კი ციკლი საერთოდ წყდება.

კონტრაცეფციის ახალი ფორმები, მათ შორის იმპლანტი, ინექცია და პროგესტერონის შემცველი აბი, მუდმივი გამოყენებისთვისაა გათვლილი. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენებისას, შესაძლოა, მენსტრუაცია თვეებისა და წლების განმავლობაში შეწყდეს.

შესაძლოა მენსტრუაციის შეწყვეტას მრავალი სარგებელი ჰქონდეს, — თანხების დაზოგვა და, მაგალითად, საკვერცხეების პოლიკისტოზის მიერ გამოწვეული პრობლემების შემსუბუქება. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს საშვილოსნოს კედელზე პრობლემური უჯრედების დაგროვება ხდება — პროცესი, რომლის წარმართვასაც რეგულარული მენსტრუაცია ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ ამ სინდრომთან გამკლავება კონტრაცეპტივებითაც შეიძლება, რადგან მათი გამოყენებისას საშვილოსნოს გარსი მუდმივად თხელი რჩება.

ფოტო: Getty Images/iStockphoto

დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ მენსტრუალური ციკლი აუცილებელია, რის გამოც ქალები კომბინირებული კონტრაცეპტული აბების მიღებას თვეში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში წყვეტდნენ ხოლმე. ეს მენსტრუაციის განახლებას იწვევდა. იანვარში სამეფო კოლეჯის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანდაცვის ფაკულტეტმა (FSRH) რეკომენდაციები განაახლა და განმარტა, რომ კონტრაცეპტივებისგან "შესვენებას" სარგებელი არ აქვს. ტომასის თქმით, ექიმებმა უკვე წლებია იციან, რომ კომბინირებული აბის მიღება შესვენების გარეშე შეიძლება. ბევრმა ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ედინბურგში მცხოვრებ 27 წლის ცინზია დუბოისზე. კონტრაცეფციის შეწყვეტისას მას მენსტრუაცია ხელახლა ეწყებოდა, რასაც თან სდევდა სუიციდური ფიქრები და მიდრეკილებები.

"თავის მოკვლა ოთხჯერ ვცადე, ამიტომ ეს ჩემთვის მსუბუქი საკითხი ნამდვილად არ არის. ყოველთვიურად ამის გადატანა ჩემთვისა და ჩემი პარტნიორისთვის ძალიან მძიმე იყო. მას შემდეგ, რაც კონტრაცეპტივების მიღება შეუწყვეტლად დავიწყე, სუიციდური ეპიზოდები აღარ მქონია. ჩემი დეპრესიაც გაუმჯობესდა", — აცხადებს ის.

ინგლისში მცხოვრები სამ მილიონზე მეტი ქალისთვის FSRH-ს განცხადებამ მენსტრუაციის სრულად შეჩერების შესაძლებლობა რეალობად აქცია. თუმცა, ბუნებრივ მენსტრუაციაზე უარის თქმის იდეა ზოგი ადამიანისთვის მიმზიდველად არ ჟღერს.

ჰოლი გრიგ-სპალის თქმით, მას ესმის, თუ რატომ შეიძლება სურდეთ ქალებს მენსტრუაციის შეწყვეტა, თუმცა ამ საკითხზე გრძელვადიანი კვლევები არ ჩატარებულა. ქალებისთვის იმის თქმა, რომ მათ მენსტრუაციის შეწყვეტა მარტივად შეუძლიათ, არასწორია, რადგან ამ დროს მათ სრულ ინფორმაციას არ ვაწვდით.

"ეს იგივეა, რაც იმის თქმა, რომ ქალებმა მენსტრუაცია უნდა დამალონ და ამაზე არ ისაუბრონ", — აცხადებს ის.

მენსტრუაციით ქალები ზოგჯერ თავიანთ ორსულობას ადგენენ, თუმცა ტომასის თქმით, ორსულობის გამოსავლენად ერთადერთი გზა, შესაბამისი ტესტის ჩატარებაა. კონოლი ასევე ამბობს, რომ მენსტრუაციის შეწყვეტა მომავალში ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს.

"თუ ჰორმონების მიღებას შეწყვეტთ, ისინი თქვენ სხეულს მალევე დატოვებენ და მენსტრუაციაც აღდგება", — ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ მენსტრუაციის შესაჩერებლად კონტრაცეფციის ზოგიერთი მეთოდი უფრო ეფექტურია.

ქალების ნაწილს, შესაძლოა, ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება გვერდითი ეფექტების გამო არ სურდეთ. კონტრაცეპციის ზოგიერთი მეთოდი კი გარკვეული სიმსივნეების გაჩენის რისკს ზრდის, გარკვეულისას კი ამცირებს.

ტომასი აღიარებს, რომ ჰორმონალური კონტრაცეპციების გრძელვადიანი ეფექტების შესასწავლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამის პარალელურად ის ამბობს, რომ ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმის შესახებ, ორსულობის თავიდან აცილების გარდა, რისთვის შეიძლება კონტრაცეპტივების გამოყენება.

ზოგ ქალს სურს, რომ მენსტრუაცია ჰქონდეს, ზოგს კი არა. ყველაზე სწორი მიდგომა ქალებისთვის არჩევანის მიცემაა.

"მენსტრუაცია ბუნებრივია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მასზე უარის თქმა არ უნდა შეგვეძლოს. არსებობენ განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული სურვილებით და ეს ფანტასტიკურია", — ამბობს 24 წლის სოფი გლაზგოდან.