ილონ მასკის სტარტაპმა, Neuralink-მა, რომელზეც ამ დრომდე ძალიან მწირე ინფორმაცია გვქონდა, როგორც იქნა საკუთარი გეგმებისა და მიღწევების შესახებ განაცხადა.

გამართული პრეზენტაციით ირკვევა, რომ კომპანია თხელი ძაფის მსგავს ელექტროდებზე მუშაობს, რომელსაც ადამიანების ტვინში რობოტები ჩაამონტაჟებენ. ელექტროდი გარშემო არსებული ნეირონებისგან ინფორმაციას ჩაიწერს და მას დასამუშავებლად შესაბამის მოწყობილობას გადასცემს. ამჟამად ეს ყველაფერი სადენების მეშვეობით მოხდება, თუმცა კომპანია უსადენო სენსორზე, სახელად N1-ზეც მუშაობს. ტვინში ოთხი ასეთი სენსორი ჩამონტაჟდება, ყურის უკან კი ელემენტისა და გადამცემის შემცველი მოწყობილობა დამაგრდება, რომელსაც N1 უსადენოდ დაუკავშირდება. ეს მოწყობილობა კი, თავის მხრივ, სმარტფონთან დაამყარებს კომუნიკაციას.

ქირურგი რობოტი, რომელიც ტვინში ელექტროდებს ჩაამონტაჟებს.

ქირურგი რობოტი, რომელიც ტვინში ელექტროდებს ჩაამონტაჟებს.

ფოტო: Neuralink

მასკმა და Neuralink-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტების დაწებას და იმპლანტების ჩამონტაჟებას 2020 წელს აპირებენ. მასკის თქმით, მაიმუნებსა და თაგვებზე ექსპერიმენტები უკვე წარმატებით ჩატარდა.

ამ დრომდე Neuralink-ის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ისინი ტვინის კომპიუტერებთან დამაკავშირებელ ინტერფეისზე მუშაობდნენ. კომპანიის თავდაპირველი მიზნები სამედიცინო და კვლევითი იყო, თუმცა მთავარი ამოცანა ადამიანის ტვინის ხელოვნურ ინტელექტთან პირდაპირი დაკავშირება და მათი გაერთიანება იყო.

ელექტროდები.

ელექტროდები.

ფოტო: Neuralink

2018 წლის სექტემბერში მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ის გრძელვადიანი მიზანი ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის სიმბიოზის შექმნა იყო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, რომელსაც ადამიანის ტვინში რობოტების გამოყენებით ელექტროდების ჩამონტაჟება სურს, პირდაპირი ეთერი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო, მთელი პრეზენტაცია კი ტექნიკური ხარვეზებით იყო სავსე.

კომპანიის თქმით მომავალ წელს პირველი ცდები ზურგის ტვინის დაზიანებების მქონე პაციენტებზე დაიწყება, მიზანი კი ტვინით კომპიუტერის კურსორის გამოძრავება იქნება.

მასკის აცხადებს, რომ ამ ტექნოლოგიით მომავალში ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმა და ტვინით კომპიუტერებისა და ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიის მართვა იქნება შესაძლებელი.