ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ზედა პალატაში გაასაჩივრებს. მან ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა.

მისი თქმით, სასამართლოს მიკერძოებულობაზე ვერ ისაუბრებს და განმარტავს, რომ შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

ტელეკომპანიის დირექტორი არ ეთანხმება იუსტიციის მინისტრის ნათქვამს, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილები გადაიფორმოს. გვარამიას თქმით, თუ სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატა მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, მაშინ შეუძლებელი იქნება ტელევიზიის დაბრუნება.

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 18 ივნისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხალვაშსს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია, არხის დირექტორი კი ამბობს, რომ დიდ პალატაში დავის დასრულებამდე მეწილეების ცვლილება იქნება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობა.