მცენარეებმა ჩერნობილიდან გაქცევა ვერ მოახერხეს... და სწორედ ამიტომ გადარჩნენ
1986 წელს მომხდარმა ბირთვულმა კატასტროფამ, რომელიც ბოლო დროს გადაღებული უზომოდ პოპულარული ტელეშოუს წყალობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, ათასობით ადამიანი დააავადა, მჭიდროდ დასახლებული პუნქტი მოჩვენებათა ქალაქად გადააქცია და 2 600 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია სასიცოცხლოდ (ადამიანებისთვის) გამოუსადეგარ ზონად აქცია.
მიუხედავად ამისა, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში სიცოცხლე მაინც არსებობს და ის თავს მშვენივრად გრძნობს. რეაქტორის გარშემო არსებულ ტყეებში მგლები, ტახები, დათვები და სხვა ცხოველები კატასტროფის შემდეგ მალევე დაბრუნდნენ. ხოლო, რაც შეეხება მცენარეულობას, მათ ეს ზონა არც არასდროს დაუტოვებიათ. ჩერნობილის ყველაზე რადიოაქტიურ ადგილებშიც კი, მცენარეულობა სულ რაღაც სამ წელიწადში აღდგა.
რადიაციის დოზა, რომელმაც გარკვეულ რეგიონებში მცენარეებმა მიიღეს, ადამიანებს, სხვა ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს მრავალჯერ მოკლავდა. ჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორ უძლებენ მცენარეები რადიაციას?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა გავლენას ახდენს რადიაცია ცოცხალ უჯრედებზე. რადიოაქტიური ნივთიერება არასტაბილური იმიტომაა, რომ ის მაღალენერგეტიკულ ნაწილაკებს შეუწყვეტლივ ასხივებს, რომლებიც უჯრედის სტრუქტურებს ეჯახება და აზიანებს, რადიაციის შედეგად უჯრედში წარმოიქმნება რეაქტიული აგენტებიც, რასაც ასევე უარყოფით გავლენა აქვს.
უჯრედის უმეტესი ნაწილი, დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება გამოიცვალოს, გამონაკლისი დნმ-ია. რადიაციის დიდი დოზის ზემოქმედებისას უჯრედში დნმ მნიშვნელოვნად ზიანდება და უჯრედი სწრაფად კვდება. შედარებით დაბალი დოზები კი მუტაციებს იწვევს, რის შედეგადაც უჯრედი, შესაძლოა, სიმსივნური გახდეს, უკონტროლო გამრავლება დაიწყოს და ორგანიზმში გავრცელდეს.
ცხოველებში, მსგავსი რამ ხშირად ფატალური შედეგით სრულდებ, რადგან მათი უჯრედები და სისტემები მაღალსპეციფიკური და ნაკლებად მოქნილია. ცხოველი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ურთულესი სისტემა, სადაც თითოეულ უჯრედსა და ორგანოს კონკრეტული ადგილი და ფუნქცია აქვს, ცხოველის გადარჩენისთვის კი ამ სისტემის შემადგენელმა ყველა ნაწილმა ადეკვატურად უნდა იმუშაოს და ერთმანეთთან ითანამშრომლოს. ადამიანს ტვინის, გულის, ან ფილტვების გარეშე გადარჩენა არ შეუძლია.
მცენარეები, თავის მხრივ, ბევრად უფრო მოქნილები არიან. მათ მოძრაობა არ შეუძლიათ, შესაბამისად, ისინი იძულებულები არიან, რომ იმ გარემოს შეეგუონ, რომელშიც აღმოჩნდებიან.
გარკვეული გაგებით, ცხოველებისგან განსხვავებით, მცენარეებს წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურა არ აქვთ, ნაცვლად ამისა, ისინი კონკრეტულ მომენტში წყვეტენ, თუ "როგორ მოიქცნენ." მაგალითად, მცენარეს უფრო ღრმა ფესვები გაეზრდება, თუ გრძელი ყლორტი, იმ სიგნალებზეა დამოკიდებული, რომელსაც ის გარემოდან და ორგანიზმის სხვა ნაწილებიდან იღებს, ისევე როგორც წყალზე, ტემპერატურაზე, სინათლესა და გარემოში არსებულ საკვებ ნივთიერებებზე.
მთავარი ისაა, რომ განსხვავებით ცხოველური უჯრედებისგან, მცენარის თითქმის ყველა უჯრედს ნებისმიერი სხვა უჯრედისა და ქსოვილის წარმოქმნა შეუძლია. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც მებაღეებს მცენარის ერთი პატარა ნაწილიდან სრული ახალი ორგანიზმის მიღება შეუძლიათ.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მცენარეები მკვდარი უჯრედებისა და ქსოვილების ჩანაცვლებას ცხოველებზე ბევრად უფრო ადვილად ახერხებენ, ხოლო დაზიანების წყარო რადიაციაა თუ რომელიმე ცხოველი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
რადიაცია დნმ-ის დაზიანებით მცენარეებში სიმსივნეებს ნამდვილად წარმოქმნის, თუმცა ასეთი უჯრედები მცენარეში, როგორც წესი, ვერ ვრცელდება. ამის მიზეზი მცენარეული უჯრედების კედელია. ასეთი სიმსივნეები არც ორგანიზმის დაღუპვას იწვევს, რადგან მცენარეები ხშირად ახერხებენ, რომ დაზიანებულ ადგილს "გვერდი აუარონ."
ამ თანდაყოლილი უნარების გარდა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მყოფი მცენარეები საკუთარი თავის დასაცავად დამატებით მექანიზმებსაც იყენებენ. მაგალითად, ისინი ცვლიან უჯრედების ქიმიურ შემადგენლობას და ააქტიურებენ სისტემებს, რომლებიც დაზიანებული სტრუქტურების შეკეთებაზეა პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ შორეულ წარსულში, როდესაც მცენარეები პირველად ყალიბდებოდნენ, დედამიწაზე რადიაციული ფონი ბევრად უფრო მაღალი იყო, შესაბამისად, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში არსებული მცენარეები, შესაძლოა, ნაწილობრივ ამ უძველეს მექანიზმებსა და უნარებზე დაყრდნობით მოქმედებდნენ.
ამჟამად ჩერნობილის ზონაში სიცოცხლე ჩქეფს. მცენარეებისა და ცხოველების პოპულაციები კი იმაზე უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეს კატასტროფამდე იყო. ნამდვილად საინტერესო ფაქტია, რომ სარგებელი, რომელიც ბუნებამ ადამიანების ევაკუაციით მიიღო, რადიაციის შედეგად მიყენებულ ზიანს აღემატება.
გარკვეულწილად, ჩერნობილის შემთხვევა იმის კარგი მაგალითია, თუ რამდენად დიდი გავლენა გვაქვს ადამიანებს ბუნებაზე.
კომენტარები