ფოტო, რომელიც გრენლანდიის ყინულის ლღვობის მძიმე რეალობას აღწერს
გრენლანდიაში ზღვის ყინულის სწრაფი ლღვობა სამეცნიერო გუნდებს მათ მიერ დამონტაჟებული მეტეოროლოგიური და ოკეანოლოგიური აპარატურის პოვნას ურთულებს.
ფოტოში, რომელიც დანიური მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერმა სტეფან ოლსენმა 13 ივნისს გადაიღო, ვხედავთ შესაბმელ ძაღლებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, დნობის პროცესში მყოფ ზღვის ყინულზე გზას კოჭამდე წყალში იკვალავენ. ფოტოს ნახვისას, შესაძლოა, ისიც იფიქროთ, რომ ძაღლები წყალზე მირბიან.
ოლსენის თქმით, ამ დროს ისინი 1,2 მეტრის სისქის ყინულის შრეზე იმყოფებოდნენ. მისი კოლეგა, რასმუს ტონბოს თქმით, ყინულის სწრაფი ლღვობის გამო, წყალი ყინულის ქვეშ ჩასვლას ვერ ახერხებს.
ოლსენი ტვიტში აცხადებს, რომ ამ უჩვეულო დღეს მისი გუნდი ადგილობრივი მონადირეების ტრადიციულ ცოდნასა და საკუთარ ძაღლებს მიენდვნენ, რათა ყინულზე მშრალი ადგილი ეპოვნათ. ოლსენის თქმით, ეს ფოტო ბევრისთვის უფრო მეტად სიმბოლური აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერული.
"აღსანიშნავია, რომ წლის ამ დროს, ამ რეგიონში გადასაადგილებლად ყველაზე ეფექტური საშუალება კვლავ შესაბმელი ძაღლებია, ხოლო ინსტრუმენტების წამოსაღებად გაგზავნილ ექსპედიციას წელს ზღვის ყინულზე წყლის უხვი რაოდენობა დახვდა. ზღვის ამ რეგიონში სქელი ყინული, რომელსაც ბზარები ნაკლებად აქვს, ყოველწლიურად წარმოიშვება. გასულ კვირას ამ რეგიონში ტემპერატურამ განსაკუთრებით სწრაფად მოიმატა, რამაც ყინულის უჩვეულო დნობა გამოიწვია", — აცხადებს დანიური მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატის შემსწავლელი მეცნიერი რუთ მოტრემი.
ზოგადად, მსგავს შემთხვევებში წყლის გადინება ყინულში არსებული ბზარების საშუალებით ხდება, მაგრამ, რადგანაც ამ რეგიონში ყინული განსაკუთრებით სქელია, წყალს გადინების საშუალება არ ეძლევა, შედეგად კი ზემოთ მოცემულ ფოტოს ვიღებთ.
რუთის თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რა როლი ითამაშა გლობალურმა დათბობამ აღნიშნული მოვლენის გამოწვევაში.
ფოტოს გავრცელება დაემთხვა ცნობებს, რომელზე დაყრნდობითაც გრენლანდიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ განსაკუთრებით მოიმატა. შაბათს Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს გრენლანდიის გარკვეულ რეგიონებში ტემპერატურამ საშუალოს 22,2 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბა.
მთელი მაისის განმავლობაში ჩრდილოეთის ოკეანეში საშუალოზე მაღალმა ტემპერატურებმა ყინულის ნაადრევი დნობა გამოიწვია. აშშ-ს ყინულისა და თოვლის მონაცემთა ეროვნული ცენტრის თქმით, წელს ბოლო 40 წლის განმავლობაში ყინულის მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სწრაფი ლღვობა ადგილობრივებს, რომლებიც ტრანსპორტისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის ზღვის ყინულზე არიან დამოკიდებულები, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
კომენტარები