შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 3 თანამშრომელი ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შეხვდათ სამი პირი. მათ შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

"სამიდან ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური დაპირისპირების დროს, დანის გამოყენებით დაჭრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილი იქნენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ბრალდებით მიმდინარეობს.