წყვდიადში მცხოვრები თევზი, შესაძლოა, ჩვენთვის წარმოუდგენელ ფერებს ხედავდეს
ვერცხლისფერი ეშვფარფლა (Diretmus argenteus) ოკეანის ისეთ სიღრმეებში ბინადრობს, სადაც მზის შუქი პრაქტიკულად ვერ აღწევს. ეს ჩაბნელებული, წყვდიადით მოცული სამყაროა, რომლის საზღვარიც წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 1 000 მეტრის სიღრმეზე გადის.
მეცნიერებს შორის არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ღრმა წყალში ფერების აღქმა საჭირო არ არის. ოკეანის ასეთ სიღრმეებზე მზის სინათლე ვერ აღწევს, ხოლო სადაც არ არის სინათლე, არ არის ფერი. თუმცა, ეს შეიძლება ასე არ იყოს. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ფერების აღქმის ევოლუციის შესასწავლად 101 სხვადასხვა თევზის გენომი გააანალიზეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ თევზს, კერძოდ ვერცხლისფერ ეშვფარფლას მქრქალი ფერების გასარჩევად იმაზე მეტი გენი აქვს, ვიდრე პლანეტაზე სხვა ნებისმიერ ხერხემლიანს. ეს გენები თევზს საშუალებას აძლევს, რომ აღიქვას ოკეანის სიღრმეებში არსებული ის მინიმალური რაოდენობის სინათლე, რომელიც იქ აღწევს.
"ხერხემლიან თევზებში მსგავსი რამ აქამდე არ დაფიქსირებულა. ეს იმ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის, რასაც ჩვენ ღრმა წყლის თევზებზე ვფიქრობდით. ჩვენ, შესაძლოა, ახლიდან უნდა განვიხილოთ და შევისწავლოთ, თუ როგორ მუშაობს მხედველობის სისტემები სიბნელეში", — აცხადებს ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორი მეგან პორტერი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
მხედველობა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენს ბადურაზე სინათლის სხივი ეცემა, ბადურა მგრძნობიარე უჯრედებით, ჩხირებითა და კოლებით არის მოფენილი, რომელიც სინათლის კონკრეტულ ტალღებზე რეაგირებენ. ამ უჯრედებში სპეციფიკური ცილები სინათლეს სიგნალებად გარდაქმნიან, რომლის აღქმაც ჩვენს ტვინს შეუძლია.
როგორც წესი, ხერხემლიანებს ბადურაზე ოთხი სხვადასხვა ტიპის კოლბები და ერთი სახის ჩხირები გააჩნიათ. მაგალითად, ადამიანების უმეტესობა ფერებს სამი სხვადასხვა ტიპის კოლბების საშუალებით აღიქვამს, რომელთაგანაც თითოეული მწვანე, წითელსა და ლურჯ სინათლეზე რეაგირებს. კოლბების საშუალებით ნათელ გარემოში ფერებს აღვიქვამთ, თუმცა, სიბნელეში ჩვენ ფერების გარჩევა არ შეგვიძლია. სიბნელეში გარემოს აღქმას მხოლოდ ჩხირების საშუალებით ვახერხებთ.
კვლევის ავტორმა და ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის ევოლუციურმა ბიოლოგმა სუზანა მუსილოვამ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ თევზების ამ სახეობას გენები, რომლებიც წითელი და ინფრაწითელი სინათლის აღმქმელი კოლბებისთვისაა საჭირო, დაკარგული აქვს, რაც გასაკვირი არ არის. ღრმა წყლებში ამ სიხშირის ტალღები უბრალოდ ვერ აღწევს. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ღრმა წყლებში მცხოვრები თევზების ნაწილს ჩხირების განვითარებისთვის საჭირო გენების დამატებითი ასლები გააჩნიათ.
101 სხვადასხვა გენომის შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ სიბნელეში მხედველობის გასაუმჯობესებლად გენების დამატებითი ასლები სამი სხვადასხვა წარმოშობის თევზს ჰქონდა. მათ შორის გამარჯვებული კი ვერცხლისფერი ეშვფარფლაა. მას ორი ტიპის კოლბებისა და 38 სხვადასხვა ტიპის ჩხირის შესაბამისი გენები ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ეს თევზი ლურჯ ფერს იმაზე უფრო მგრძნობიარედ აღიქვამს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხერხემლიანი ორგანიზმი.
ვერცხლისფერი ეშვფარფლა გენების 38 წყვილიდან 14-ს აქტიურად იყენებდა, თითოეული მათგანი კი ლურჯისა და მწვანე ფერის სხვადასხვა ტალღის მიმართ იყო მგრძნობიარე.
ეს თევზები ამ გენების საშუალებით შესაძლოა ფერებს შორის წარმოუდგენლად მცირე განსხვავებასაც არჩევდნენ, მათი სამყარო შესაძლოა ისეთი ლურჯითა და მწვანეთი იყოს სავსე, რომლის წარმოდგენა ჩვენ არც კი შეგვიძლია.
დასაშვებია ისიც, რომ ეს თევზები ამ ყველაფრის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ. მეცნიერები ზღვის ჩოქელას დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ, რომელსაც ათზე მეტი სხვადასხვა ტიპის კოლბა და ურთულესი მხედველობითი აპარატი გააჩნია. ამ არსებებს მრავალი ფერის დაფიქსირება შეუძლიათ, მაგრამ დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის ჩოქელები ფერებს შორის განსხვავებების აღქმაში ადამიანებს ვერ ჯობნიან.
"ეს თევზები შესაძლოა ჩხირებს ფერების აღქმისთვის იყენებენ, თუმცა არც კი ვეცდები წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება ხედავდნენ ისინი სამყაროს. მსგავსი რამ ძალიან უცხოა", — აცხადებს მუსილოვა.
მეცნიერების უმეტესობა ფიქრობდა, რომ როდესაც თევზები ღრმა წყალში ცხოვრებას ეჩვეოდნენ, მათ თანდათანობითი ევოლუციით, "ძვირადღირებული", უსარგებლო თვისებები დაკარგეს, მაგალითად, მხედველობა და ფერების აღქმის უნარი. მაგრამ უახლესი კვლევით ვიგებთ, რომ ზოგიერთ თევზს მხედველობისთვის იმაზე მეტი გენი გააჩნია, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით. ღრმა წყლებში მცხოვრები თევზები ამ გენებს შესაძლოა სხვა, ბიოლუმენისცენციის მქონე ორგანიზმების უკეთ დაფიქსირებისათვის იყენებდნენ.
ერთი რამ ცხადია, ოკეანეების შესახებ ჩვენი ცოდნა ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია.
კომენტარები