სამყაროში არსებული მატერიის უდიდესი ნაწილი ბნელი მატერიაა, რომელიც სინათლეს არ გამოყოფს და მხოლოდ გრავიტაციული ზემოქმედებით ვლინდება. ვინაიდან მას გამოსხივება არ აქვს, ესე იგი პროტონებისგან, ნეიტრონებისგან და ელექტრონებისგან არ შედგება, ამიტომ ჩვენთვის უხილავია.

სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის (LCDM) მიხედვით, ბნელი მატერია "ცივია" რაც ნიშნავს, რომ მისი ნაწილაკები ნელა მოძრაობს და ერთმანეთს არ ეჯახება. ამის საპირისპიროდ, ახალ კვლევაში მეცნიერები თვითურთიერთმოქმედი ბნელი მატერიის განხილვას გვთავაზობენ, რაც შეიძლება 3 განსხვავებული კოსმოსური საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმაროს.

ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში

პირველი გრავიტაციულად ლინზირებულ სისტემა JVAS B1938+666-ში არსებული მატერიის ულტრამკვრივი გროვაა; მეორე ვარსკვლავთა ნაკად GD-1-ის გარღვეული რეგიონია, რომელშიც თითქოს უხილავმა ობიექტმა გაიარა და კვალი დატოვა; მესამე კი ე.წ. ღუმლის ჯუჯა გალაქტიკაში (ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკა) წარმოქმნილი უჩვეულო ვარსკვლავთგროვა Fornax 6-ია. შესაძლოა, ის მკვრივი ბნელი მატერიის მიერ მნათობთა გრავიტაციულად ჩაჭერის შედეგად ჩამოყალიბებულიყო.

სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი ამ ფენომენებიდან ვერცერთს ხსნის.

JVAS B1938+666-ის სურათი, რომელზეც შავი რკალი და ცენტრალური წერტილი შორეული გალაქტიკის გრავიტაციულად დამახინჯებული ინფრაწითელი გამოსახულებაა. ცეცხლისფერი გამოსხივება იმავე სისტემის რადიოტალღებს შეესაბამება.

ფოტო: Devon Powell

ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ბნელი მატერიის ნაწილაკები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, ეს სამივე ფენომენი მარტივად აიხსნება. ავტორების თქმით, ამგვარი მექანიზმი იმითაა გამორჩეული, რომ კოსმოსის განსხვავებულ რეგიონებში შენიშნულ უჩვეულო მოვლენებზე ერთნაირი წარმატებით ვრცელდება.

საქმე ისაა, რომ ამგვარი ბნელი მატერიის ნაწილაკები შეიძლება ერთმანეთს შეეჯახოს და გაცვალოს როგორც ენერგია, ისე იმპულსი. მოსალოდნელია, რომ ეს "გრავიტაციული კოლაფსით" დასრულდეს და ბნელი მატერიის მკვრივი ბირთვები წარმოქმნას. მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარ ურთიერთქმედებებს ბნელი მატერიის ჰალოების შიდა სტრუქტურის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია და, რაც მთავარია, ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ფენომენის მიზეზად გამოდგება.

"ბნელი მატერია, რომელიც საკუთარ თავთან ურთიერთქმედებს, შეიძლება საკმარისად მკვრივი გახდეს იმისთვის, რომ ეს დაკვირვებები ახსნას", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.