რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
ფოტო: Andrea Izzotti/Shutterstock.com
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები? ამის შესახებ უამრავი თეორია არსებობს: კლიმატის ცვლილება, დაავადებები, ჰომო საპიენსთან კონკურენცია და სხვა. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც მეცნიერები ნაკლებად ითვალისწინებენ ხოლმე. ეს სოციალური კავშირების ნაკლებობაა: ნეანდერტალელები ზედმეტად მიმოფანტულები და ერთმანეთისგან იზოლირებულები იყვნენ.
მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემები მიაწოდეს, რომლებსაც ხშირად ფლორისა და ფაუნის განაწილების შესასწავლად იყენებენ.
როგორც მკვლევრები განმარტავენ, 35 000 წლის წინ მცხოვრები მოსახლეობის ზუსტი დემოგრაფიული მონაცემები არ გვაქვს. ამის ნაცვლად იმ მონადირე-შემგროვებლების ჯგუფების მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც უკეთ არიან აღწერილნი. მაგალითად, მოდელებმა გამოავლინა, რომ ადგილობრივი ჯგუფები 25-50 ინდივიდისგან შედგებოდა. ისინი სეზონურად გადაადგილდებოდნენ და სხვა ჯგუფებთან რეგიონულ კავშირებს ინარჩუნებდნენ.
კვლევის ფარგლებში 60000-35000 წლის წინანდელ პერიოდზე კონცენტრირდნენ. ეს დიდი დროა, რომლის განმავლობაშიც კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გარდა ამისა, ამ დროში ჰომო საპიენსმა ევრაზია მეტად აითვისა და ნეანდერტალელები გადაშენდნენ. გუნდმა დაასკვნა, რომ კლიმატის ცვლილება და ჰომო საპიენსთან პირდაპირი კონკურენცია ნეანდერტალელების გადაშენების ერთადერთი მიზეზი ვერ იქნებოდა.
მიიჩნევა, რომ ჰომო საპიენსი უფრო მჭიდროდ იყო განსახლებული, რაც მძიმე პირობებში გადარჩენასთან პირდაპირაა დაკავშირებული: სოციალური კავშირები ინფორმაციის გაცვლას უწყობს ხელს, მაგალითად, რესურსების ან ცხოველთა გადაადგილების შესახებ.
გარდა ამისა, ნაშრომის მიხედვით, მძიმე პირობებში ნეანდერტალელთა პოპულაცია ევროპაში დასავლეთ და აღმოსავლეთ ჯგუფებად დაიყო. აღმოსავლეთ ევროპაში ჯგუფები ნაკლებად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი. პირველებიც სწორედ ისინი გადაშენდნენ. იბერიის ნახევარკუნძულზე არსებულ პოპულაციებს კი უფრო მჭიდრო სოციალური კავშირები ახასიათებდა, ამიტომ შედარებით დიდხანს გადარჩნენ.
ნაშრომი გამოცემაში Quaternary Science Reviews გამოქვეყნდა.
კომენტარები