NASA-ს სატელიტური გამოსახულების თანახმად, მეხიკო ძალიან სწრაფად იძირება
ფოტო: Orbon Alija/E+/Getty Images
NASA-ს ახალი სატელიტური გამოსახულების მიხედვით, მექსიკის დედაქალაქი მეხიკო წელიწადში დაახლოებით 25 სანტიმეტრით იძირება. ეს ნიშნავს, რომ მეხიკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ჩაძირვადი მეტროპოლისია.
მექსიკის დედაქალაქი უძველეს ტბაზეა გაშენებული. ბევრი ქუჩა ოდესღაც არხს წარმოადგენდა. ურბანულმა განვითარებამ წყლოვანი ფენა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის გამო მეხიკო უკვე საუკუნეზე მეტია იძირება: შედეგად მრავალი მონუმენტი და ძველი შენობა შესამჩნევადაა გადახრილი.
წყლოვანი ფენის შემცირებამ წყლის ქრონიკული კრიზისიც გამოიწვია. ეს უკანასკნელი, ექსპერტების აზრით, სამომავლოდ კიდევ უფრო გაუარესდება. ეს ყოველივე მეხიკოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას აზიანებს, მაგალითად, მეტროს, სადრენაჟო სისტემებს, სახლებსა და ქუჩებს.
მეხიკო იმდენად სწრაფად იძირება, რომ ეს კოსმოსიდანაც კი ჩანს. NASA-ს მოხსენების თანახმად, ზოგი ნაწილი თვეში 2 სანტიმეტრითაც კი იძირება. ასეთი ადგილებია, მაგალითად, მთავარი აეროპორტი და "დამოუკიდებლობის ანგელოზი" (მეხიკოს ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობა).
ეს წლიურად დაახლოებით 24 სანტიმეტრით ჩაძირვას ნიშნავს. გასული საუკუნის განმავლობაში 12-მეტრიან ჩაძირვას ჰქონდა ადგილი.
NASA-ს გამოთვლები 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე პერიოდში აღებულ გაზომვებს ეფუძნება, რომელსაც NISAR-ის სახელით ცნობილ სატელიტს უნდა ვუმადლოდეთ. აღნიშნული სატელიტი NASA-ს და ინდოეთის კოსმოსის კვლევითი ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ნაწილია.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ უფრო ზუსტი გაზომვებიც გახდება შესაძლებელი, მაგალითად, ცალკეული შენობების მიხედვით.
გარდა ამისა, მკვლევრებს აღნიშნული ტექნოლოგიის სხვა მიზნებით გამოყენებაც სურთ. მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფების ან ტექტონიკური რღვევების უკეთ დასაფიქსირებლად.
ათწლეულების განმავლობაში მექსიკის მთავრობა პრობლემას უგულებელყოფდა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მონუმენტის საძირკვლის გამაგრებას. ეს, თავისთავად, საკმარისი არ არის. მეორე მხრივ, მეცნიერების თქმით, წყლის კრიზისის გამწვავების შემდეგ მთავრობა აღნიშნული საკითხის კვლევას მეტად აფინანსებს.
კომენტარები