ამ თვის დასაწყისში 23 წლის ლიამ პრაისმა ე.წ. ერდიოშის ერთ-ერთი ჰიპოთეზის დამტკიცება წარმოადგინა. ერდიოშის ჰიპოთეზები მათემატიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო ამოცანებია. მათი ავტორი უნგრელი მათემატიკოსი, პალ ერდიოში, გახლდათ. ეს ჰიპოთეზები გენიალურ მათემატიკოსებსაც კი თავგზას უბნევს, პრაისს კი მათემატიკა უნივერსიტეტშიც კი არ უსწავლია. როგორც თავად ამბობს, ჰიპოთეზის დამტკიცებას GPT-5.4-ის დახმარებით მიაგნო.

პრაისი ერთადერთი არ არის, ვინც ერდიოშის ჰიპოთეზის დამტკიცება ჩატბოტის მეშვეობით სცადა. ეს აქამდე სხვებსაც უცდიათ, თუმცა უშედეგოდ. პრაისის დამტკიცებას, რომელიც მან ვებგვერდზე erdosproblems.com განათავსა, ექსპერტებმა ზედაპირულად გადახედეს.

კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი, ტერენს ტაო, განმარტავს, რომ შედეგები იმედისმომცემია, თუმცა დამატებითი გადახედვა მაინც სჭირდება. ტაოს თქმით, ახალი დამტკიცება უჩვეულო მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც კონკრეტულად ამ ჰიპოთეზის შემთხვევაში არავის გამოუყენებია. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცება არასწორია.

ერდიოშის ამოცანების ჩატბოტის დახმარებით ამოხსნა ტაოს განსაკუთრებით აინტერესებს. ის მონაცემთა ბაზასაც მართავს, რომელშიც AI-ის მიერ გენერირებული დამტკიცებები ინახება. ტაოს თქმით, მათი უმრავლესობა მცდარია.

როგორც აღვნიშნეთ, ეს კონკრეტული დამტკიცება იმედისმომცემი ჩანს, თუმცა დეტალური გადახედვა სჭირდება. თუ ის სწორი აღმოჩნდება, ეს პირველი შემთხვევა გამოვა, როცა ჩატბოტმა ერდიოშის ამოცანა ამოხსნა და უნიკალური აზროვნება გამოავლინა.

ტაოს აზრით, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ჩატბოტმა დიდი რიცხვებისა და მათი ანატომიის შესახებ სრულიად ახლებური მსჯელობის გზა შემოგვთავაზა.

Mariam Ramazashvili  [8:51 PM]

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.