NASA-ს მავალი Curiosity მარსს ერთ დეკადაზე მეტია, იკვლევს. იგი გეილის კრატერში 2012 წელს დაეშვა და მას შემდეგ წითელი პლანეტის ზედაპირზე გადაადგილდება. ამ დროის განმავლობაში იგი სირთულეებსაც გადააწყდა, მაგალითად, 25 აპრილს ახალი პრობლემა წარმოიშვა: აპარატი ქვას იკვლევდა, რა დროსაც მისი ბურღი იქ გაიჭედა.

"Curiosity ბურღავდა იმ ქვის ნიმუშს, რომელსაც 'ატაკამა' ეწოდება. მისი სავარაუდო დიამეტრი ძირში 0.5 მეტრია, სისქე 15 სანტიმეტრს აღწევს, მასა კი თითქმის 13 კილოგრამია.

მავალის მექანიკური ხელის უკან წაღებისას მთლიანი ქვა ზედაპირიდან აიწია და ის მბრუნავი ბურღის გარშემო არსებულ უძრავ სარტყელზე დაეკიდა. გაბურღვას ადრე ქვის ზედა შრეები დაუფშვნია ან განუცალკევებია, მაგრამ ის ინსტრუმენტის სარტყელზე მიმაგრებული არასდროს დარჩენილა", — წერია NASA-ს განცხადებაში.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

რა თქმა უნდა, ინჟინრებს ამგვარი პრობლემების მოსაგვარებლად მარსზე წასვლა არ შეუძლიათ, თანაც ბურღის გამოსაცვლელად მისია ასობით მილიონი დოლარი დაჯდება, თუ მეტი არა. შესაბამისად, ცდილობენ, ყველაფერი დისტანციურად გააკონტროლონ.

ამჯერად სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ქვის მოშორება ბურღის ვიბრირებით იყო შესაძლებელი, სანამ ნიმუში მას საბოლოოდ არ მოშორდებოდა. პირველმა ცდამ არ გაამართლა — ქვა ისევ უძრავად ეკიდა და ის არც მეორე ცდაზე ჩამოვარდნილა, 29 აპრილს.

2 დღეში ბურღი ისევ აამუშავეს, ოდნავ დაატრიალეს, მექანიკური ხელიც აამოძრავეს და შედეგსაც მიაღწიეს. ქვა პირველ ჯერზევე მარსის ზედაპირზე დავარდა და დაიფშვნა. მავალი ახლა წითელი პლანეტის შესწავლას თავისუფლად განაგრძობს.

ცნობისთვის, Curiosity-ს პრობლემები ადრეც შეჰქმნია. მაგალითად, ინჟინრებმა ფოტოებზე აღმოაჩინეს, რომ მისი ბორბლები დაზიანებულია. მსგავსი სიტუაციებისას მავალის ორეული გამოიყენება, რომელიც დედამიწაზეა. მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ ამ მდგომარეობაში Curiosity ზედაპირზე გადაადგილებას "დაუსრულებლად" შეძლებს, თუკი ბორბლებს დაზიანებულ "მუხლუხოს" მოაშორებენ. მანევრები ორეულზე გამოცადეს და შედეგს მიაღწიეს, მაგრამ მიმართავენ თუ არა აღნიშნულ მეთოდს რეალურად, უცნობია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.