მოულოდნელი აღმოჩენა — გამოავლინეს ადრეული გალაქტიკა, რომელიც არ ბრუნავს
ფოტო: ESA/Webb, NASA & CSA
კოსმოსში თითქმის ყველაფერი ბრუნავს: პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები.. ამის მიუხედავად, ზოგიერთი გალაქტიკა ასე არ მოძრაობს, რაც სხვა მსგავს სისტემებთან შერწყმისა და გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგია. კერძოდ, ამ დროს იმპულსის მომენტი იკარგება, რის გამოც ბრუნვა წყდება.
გალაქტიკამ იმპულსის მომენტი რომ დაკარგოს, ზემოხსენებული პროცესები მილიარდობით წლის განმავლობაში უნდა წარიმართოს. შესაბამისად, ადრეულ სამყაროში ამგვარი რამ ნაკლებად მოსალოდნელია. სწორედ ამიტომ იყო გასაკვირი ასტრონომებისთვის, როცა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ძველი გალაქტიკა არ ბრუნავს. ესაა გიგანტური სისტემა XMM-VID1-2075, რომელიც დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდ წელზე ნაკლებ დროში უკვე არსებობდა.
ის კოსმოსის ადრეულ პერიოდში წარმოქმნილი ერთ-ერთი ყველაზე მასიური გალაქტიკაა, რომელსაც აქამდე კეკის ობსერვატორიიდან დააკვირდნენ. გაირკვა, რომ იქ ირმის ნახტომზე რამდენიმეჯერ მეტი ვარსკვლავია, მაგრამ ახალი მნათობები უკვე აღარ ფორმირდება. შემდეგ მასთან ერთად იმავე ასაკის კიდე ორი გალაქტიკა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს.
"ამ კონკრეტული გალაქტიკის შემთხვევაში ბრუნვის რაიმე ნიშანი არ გამოვლენილა, რაც მოულოდნელი და ძალიან საინტერესო იყო", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ბენ ფორესტი.
მეცნიერთა მიერ შესწავლილი ეს სამი გალაქტიკა გარკვეულწილად მსგავსია, მაგრამ განსხვავებული შიდა დინამიკა აქვს. ერთი აშკარად ბრუნავს, მეორე ვიზუალურად "არეულად" გამოიყურება, მესამე კი — XMM-VID1-2075 — არ ბრუნავს, თუმცა ვარსკვლავების ძალიან ქაოსური მოძრაობები ახასიათებს.
მისი ზომა, მნათობების ფორმირების პროცესისა და ბრუნვის შეჩერება შეიძლება ერთ მექანიზმს უკავშირდებოდეს: ასტრონომების ვარაუდით, ის ერთ გალაქტიკას შეერწყა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით ბრუნავდა. ამაზე XMM-VID1-2075-ის ერთ მხარეს სინათლის სიჭარბე მიუთითებს, რაც სხვა ობიექტთან ურთიერთქმედების შედეგი შეიძლება იყოს. სწორედ ამას უნდა შეეცვალა მისი დინამიკა.
ახალი მიგნება მეცნიერებს ადრეული გალაქტიკების ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

კომენტარები