საკრუიზო გემზე ჰანტავირუსი გავრცელდა, რომელსაც 3 მგზავრი ემსხვერპლა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, დამატებით მინიმუმ 3 ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს. როგორც წესი, ეს ვირუსი უკვე დაინფიცირებული მღრღნელებისგან ვრცელდება. ადამიანებში ჰანტავირუსი იშვიათად თუ გვხვდება, თუმცა ხშირად მძიმე ფორმით ვლინდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ჰანტავირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, კიდევ 5 შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ 6 ინდივიდიდან 3 გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი სამხრეთ აფრიკაში ინტენსიურ დაკვირვებას გადის.

ვირუსი საკრუიზო გემ m/v Hondius-ზე გამოვლინდა, რომელიც არგენტინიდან 3 კვირის წინ დაიძრა. ამჟამად გემი დასავლეთ აფრიკაში, კაბო-ვერდეს სანაპიროზეა.

ზოგადად, ჰანტავირუსის 2 ტიპი არსებობს. ერთ მათგანს ჰანტავირუსის პულმონარულ სინდრომს უწოდებენ. იგი ფილტვებზე ზემოქმედებს და ძირითადად აშშ-შია გავრცელებული. ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე დღეში ხველა და სუნთქვის პრობლემები ეწყებათ. გარკვეული დროის შემდეგ თავს სხვა სიმპტომებიც იჩენს. მაგალითად, დაღლილობა, სიცხე და კუნთების ტკივილი. ზოგჯერ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილიც ვლინდება. ეს ჰანტავირუსის ყველაზე მომაკვდინებელი ტიპია: ინფიცირებულთა 38% იღუპება.

ჰანტავირუსის მეორე ტიპი ჰემორაგიული ცხელებაა, რომელსაც სხვადასხვა ვირუსი იწვევს. ფატალურად შემთხვევების 1-15% სრულდება.

ამ დროისთვის უცნობია, საკრუიზო გემზე რომელი ტიპის ჰანტავირუსი გავრცელდა.

საინტერესოა, რომ ჰანტავირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის. ადამიანები ძირითადად ინფიცირებული მღრღნელების შარდით, ფეკალიებით ან ნერწყვით ავადდებიან, იშვიათ შემთხვევებში — ნაკაწრით და ნაკბენითაც.

უცნობია, საკრუიზო გემზე რამ გამოიწვია ჰანტავირუსის გავრცელება. შესაძლებელია, მღრღნელები გემზე სატვირთო ტრიუმებიდან აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, დამნაშავე შეიძლება ზოგადი ჰიგიენა და საკვების შენახვის პრაქტიკაც იყოს. ცნობილია, რომ საკრუიზო გემებზე ვირუსები ხშირად ვრცელდება, განსაკუთრებით, ნოროვირუსი. მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უკანასკნელი ჰანტავირუსზე უფრო მეტად გადამდებია და ადამიანებს შორისაც უფრო მარტივად ვრცელდება.

ისიც შესაძლებელია, რომ ვირუსის გავრცელების წყარო თავად გემზე არ ყოფილა. არაა გამორიცხული, რომ რომელიმე მგზავრი ან ეკიპაჟის წევრი მიწაზე დაავადდა. ჰანტავირუსს ხშირად ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდი აქვს: ზოგჯერ 8 კვირამდეც კი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, დეტალური მოკვლევა უკვე დაწყებულია, მათ შორის, ლაბორატორიული ტესტირება და ეპიდემიოლოგიური გამოძიება. მგზავრებსა და ეკიპაჟზე სამედიცინო დაკვირვებები მიმდინარეობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.